Aa
Aa

ტობაიას ჰერისმა "ფილადელფიას" ისტორია გადაწერა

გამთენიისას „ფილადელფია სევენთი სიქსერსმა“ სტუმრად „ბრუკლინ ნეთსი“ დაამარცხა და საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. ბრეტ ბრაუნის ბიჭებმა ერთ-ერთი ლიდერის, ჯოელ ემბიდის გარეშე იასპარეზეს, თუმცა სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებიათ.

„ფილამ“ წარმატებას გუნდური კალათბურთის ხარჯზე მიაღწია. მატჩის საუკეთესო მოთამაშე „სიქსერსის“ მსუბუქი ფორვარდი ბენ სიმონსი გახდა, რომელმაც აქტივში 31 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ჯეი ჯეი რედიკმა კი 26 ქულა მიითვალა.

ჯოელ ემბიდის არყოფნაში სიმონსი-რედიკის დუეტს ტობაიას ჰერისი დაეხმარა. ამ უკანასკნელმა  შესანიშნავად იასპარეზა და ისტორიაც დაწერა! ჰერისი „ფილადელფიას“ მაისურით მოთამაშე პირველი კალათბურთელი გახდა, რომელსაც პლეიოფის შეხვედრაში არცერთი სამქულიანი ტყორცნა არ გაუცუდებია. ტობაიასმა „ნეთსის“ ფარს პერიმეტრიდან 6-ჯერ შეუტია და ექვსივეჯერ წარმატებულად.

„ფილამ“ ჰაერივით საჭირო გამარჯვება დაისაკუთრა და სერიაში წინ გაიჭრა. „სევენთი სიქსერსის“ კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას კვლავ სტუმრად ჩაატარებენ და დიდი ალბათობით ჯოელ ემბიდთან ერთად იასპარეზებენ. „ბრუკლინისა“ და „ფილადელფიას“ რიგით მეოთხე მატჩი 20 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები