Aa
Aa

ყველა ვარსკვლავის მატჩი ლებრონ ჯეიმსის გუნდის გამარჯვებით დასრულდა

გამთენიისას „შარლოტ ჰორნეთსის“ საშინაო არენაზე, “სპექტრუმ ცენტრში“ „ყველა ვარსკლავის მატჩი“ გაიმართა. თბილისის დროით 05:00-ზე ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსისა და იანის ანტეტოკოუნმპოს გუნდები დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა საკმაოდ უხვქულიანი და დაძაბული გამოდგა. მატჩის პირველი ნახევარი „მილუოკის“ კალათბურთელების ბენეფისად იქცა. იანისმა საწყის 24 წუთში 20 ქულა გააკეთა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა კრის მიდლტონმა კი აქტივში 17 ქულა ჩაიწერა. მაიკ ბუდენჰოლცერის შეგირდები შესვენებაზე 13 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ და 95-82-ს იგებდნენ.

მესამე მეოთხედის სტარტზე თამაშის სცენარი არ შეცვლილა. ანტეტოკოუნმპოს გუნდი შესანიშნავად გამოიყურებოდა და ერთ მომენტში 20 ქულიან ჰანდიკაპს ფლობდა, თუმცა ლებრონმა და კომპანიამ შეხვედრაში დაბრუნება მოახერხეს. კლეი ტომპსონის, ბრედლი ბილის და დემიენ ლილარდის ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგად ჯეიმსის ბიჭები 33-13 გაიქცნენ და გადამწყვეტ პერიოდს მინიმალური უპირატესობით შეხვდნენ.

ანტეტოკოუნმპოს თანაგუნდელებმა მეოთხე მეოთხედში მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 178-164 დამარცხდნენ. „ყველა ვარსკლავის“ წლევანდელ შეხვედრას რეკორდების გარეშე არ ჩაუვლია. „ოლ სტარის“ მონაწილეებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და ჯამში 62 სამქულიანი ჩააგდეს. იანისის გუნდმა პერიმეტრიდან ნასროლი 77 ტყორცნიდან 27 გამოიყენა, ლებრონის თანაგუნდელებმა კი კალათში 35 სამქულიანი მოათავსეს.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მსუბუქმა ფორვარდმა, კევინ დურანტმა, დაისაკუთრა. „კეიდიმ“ თავი 31 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა და 6 სამქულიანი ჩააგდო. დურანტის გარდა ლებრონ ჯეიმსის გუნდში 20 ქულით კლეი ტომპსონი გამოირჩა, დემიენ ლილარდმა 18 ქულა დააგროვა, „მეფემ“ და კავაი ლეონარდმა კი 19-19 ქულა ჩააგდეს. ანტეტოკოუნმპოს გუნდს 38 ქულითა და 11 მოხსნით იანისმა ულიდერა. პოლ ჯორჯმა და კრის მიდლტონმა 20-20 ქულა მიითვალეს. სტეფ კარი და რასელ უესტბრუკი კი 17-17 ქულას დასჯერდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები