Aa
Aa

"ფლამენგოს" ქომაგებმა დაღუპულ ფეხბურთელებს პატივი მიაგეს

ბრაზილიურმა კლუბმა, „ფლამენგომ“ 8 თებერვალს, სავარჯიშო ბაზაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ პირველი მატჩი გამართა. „ფლუმინენსესთან“ შეხვედრას დაახლოებით 30000 გულშემატკივარი დაესწრო, რომლებმაც დაპირისპირების დაწყებამდე დაღუპულთა საპატივცემულოდ ჰაერში თეთრი ბუშტები გაუშვეს.

ტრიბუნებზე შეკრებილ ქომაგებს „ფლამენგოს“ დროშები და ბანერები ჰქონდათ გამოფენილი და გარდაცვლილთა ოჯახებს თანადგომას უცხადებდნენ. მატჩის მეათე წუთზე კი ამღერდნენ და დაღუპული ფეხბურთელები გაიხსენეს.

შეხვედრას ერთ-ერთი გადარჩენილი მოთამაშე, კაუან ემანუელიც, დაესწრო, რომელიც საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ გამოწერეს. კამერებმა მატჩის მიმდინარეობისას აცრემლებული ემანუელის დაფიქსირება რამდენჯერმე მოახერხეს.

8 თებერვალს გაჩენილ ხანძარს „ფლამენგოს“ ახალგაზრდული გუნდის 10 მოთამაშე ემსხვერპლა. მათი ასაკი 14-დან 16 წლამდე მერყეობდა. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ ხანძარი კონდიციონერში გაჩნდა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „ფლამენგო“ პრინციპულ მეტოქესთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. „ფლუმინენსეს“ გამარჯვება 92-ე წუთზე, ლუსიანომ მოუტანა.

ასევე იხილეთ - „მორდორი“ საფეხბურთო სტადიონზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები