Aa
Aa

პატივისცემა ბენქსს - ლეგენდარული მეკარის ძეგლთან ფანები შეიკრიბნენ

ინგლისელი მეკარის გორდონ ბენქსის ძეგლთან, ფეხბურთელის ფანები შეიკრიბნენ. სტოკ სიტის სტადიონთან ლეგენდარული მეკარის პატივსაცემად ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს, მისი ქანდაკება კი სტოკისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების  კაშნეებით მორთეს.

ბენქსი გუშინ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ფიფას წლის საუკეთესო მეკარედ ექვსჯერ დასახელდა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 73 მატჩი ჩაატარა. მან ფეხბურთელის კარიერა ''ჩესტერფილდში'' დაიწყო. 1959 წელს, 7 000 ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ ''ლესტერში'' გადავიდა.

1963 წელს, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარა. ბენქსმა მონაწილეობა  1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მატჩში მიიღო და ფინალში გერმანიის ნაკრების დამარცხებით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 1970 წლის მექსიკის მუნდიალზე ბრაზილიასთან შეხვედრაში ინგლისელმა მეკარემ პელეს თავური დარტყმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ბენქსის სეივი ერთ-ერთი საუკეთესოა.

ბრიტანელმა კარიერა ''სტოკ სიტიში'' დაასრულა, რომლის ღირსებას 1967-73 წლებში იცავდა. 1972 წელს ბენქსი ''სტოკთან'' ერთად ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები