მსაჯების თვითნებობაა? რატომ არ იყენებენ ვიდეო რეფერის ბოლომდე?
ლა ლიგის 23-ე ტურში მადრიდული დერბი შედგა. "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკომ" "რეალს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
შეხვედრის მსვლელობისას მთავარ არბიტრს ვიდეო რეფერის გამოყენება რამდენჯერმზე დასჭირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული და საკამათო ეპიზოდებით დახუნძლული გახლდათ.
ყველაფრის დასრულების შემდეგ, "ატლეტიკომ" თავისი ოფიციალური ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნა 3 ფოტო, სადაც საკამათო ეპიზოდები იყო აღბეჭდილი.
???? pic.twitter.com/Q1gx0i9w2Q
— Atlético de Madrid (@Atleti) February 9, 2019
"როხიბლანკო" თვლის, რომ მსაჯის გადაწყვეტილებამ შეხვედრის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.
ვინისიუსის წაქცევა და საკამათო პენალტი, თამაშგარის გამო მორატას მიერ გატანილი გაუქმებული გოლი და მორატას წინააღმდეგ კაზემიროს უხეში თამაში საჯარიმოში - სიმეონეს გუნდს ეს სამი მომენტი აეჭვებს.
მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით. პირველი საკამათო ეპიზოდი იყო ხიმენესის უხეში ვარდნა ვინისიუსზე და პენალტი.
1 - ფოტოზე ჩანს, რომ როცა ხიმენესი ბრაზილიელის წასაქცევად წავიდა ვინისიუსი საჯარიმოს გარეთ იმყოფებოდა და ვარდნაც სწორედ იქ დაიწყო. საბოლოოდ "რეალის" ფორვარდი საჯარიმოში დაეცა და პენალტი დაინიშნა.
რატომ არ იყო პენალტი? 1) ხიმენესი ვინისიუსს საჯარიმოს გარეთ შეეხო. 2) ვინისიუსმა დაცემა საჯარიმოს გარეთ დაიწყო.
ამ ტიპის პენალტები ისტორიაში ბევრი გვინახავს, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ლუიზაოს წაქცევა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც ნამდვილად არ იყო პენალტი. იმ ეპიზოდში ბრაზილიელმა თავი საჯარიმომდე მიიტანა და შემდეგ დაეცა.
ვინისიუსს ამდენი არ უწვალია, თუმცა ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ დარღვევა ჯერ საჯარიმოს გარეთ მოხდა და ამის შემდეგ გაგრძელდა ხაზს შიგნით.
2 - მეორე ეპიზოდი ყველაზე საკამათო გახლავთ. პასის მომენტში აშკარად ჩანს, რომ მორატა რამოსზე წინ არ იმყოფებოდა და "ატლეტიკოს" წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს. ამ მომენტში ანგარიში 2:2 ხდებოდა.
უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდში VAR-ის სისტემა სრულად არ გამოუყენებიათ და ვიდეო რეფერის შავი ხაზი არ გაუვლია.
მაყურებელს ეს ეპიზოდი სრულად და მისაღები რაკურსით არ ანახეს, რამაც საბოლოოდ ამდენი დავა გამოიწვია.
ეს ყველაფერი თავად "ატლეტიკომ" გააკეთა და ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა.

3 - მესამე ეპიზოდი გახლავთ კაზემიროს უხეშობა მორატას წინააღმდეგ. დიახ, აქ წესების დარღვევა იყო, თუმცა არ დაფიქსირდა, რადგანაც წამით ადრე წესები თავად "ატლეტიკომ" დაარღვია.
ბეილს საჰაერო ორთაბრძოლის დროს ეუხეშნენ, რის შემდეგაც ბურთი მორატასთან მივიდა და ყველაფერი ამის შემდეგ მოხდა.
ამ შემთხვევაში მსაჯი სწორი იყო.
ობიექტურობა მოითხოვს, რომ ვახსენოთ გრიზმანის გოლიც, რომელიც სავსებით შესაძლებელი იყო მსაჯს არ ჩაეთვალა.
გრიზმანმა ყველაფერი წესების დაცვით გააკეთა, თუმცა რამდენიმე წამით ადრე "ატლეტიკომ" ბურთი წესების დარღვევის შედეგად მოიპოვა და საგოლე შეტევაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
კორეა ვინისიუსს აქცევს და საგოლე შეტევა ამის შემდეგ იწყება.
გოლი VAR-მა გადაამოწმა, თუმცა მხოლოდ პასისა და გრიზმანის დარტყმის მომენტი და არა სრული შეტევა.
ეპიზოდის სრულად ნახვის შედეგად გოლი უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მსაჯს, რომ გოლი გაეუქმებინა არავინ იცის, შემდეგ როგორ განვითარდებოდა მოვლენები და საერთოდ მივიღებდით, თუ არა ზემოთხსენებულ ამდენ საკამათო მომენტს.
ამ მომენტში მსაჯი აშკარად შეცდა და ყველაფერიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ზოგადად უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში მსაჯებმა "რეალის" წინააღმდეგ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს და ბევრის გასაკვირად ამას VAR-მა ვერ უშველა.
აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ერთი უზუსტობა შემდგომში ვითარებას რევს და შეცდომებს ამრავლებს.
ისმის კითხვა - რა დროს და როგორ უნდა იქნას გამოყენებული ვიდეო რეფერი? ვხედავთ, რომ ესპანეთში უკვე ბევრი შეცდომა დაუშვეს.

მინდა ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გავიხსენოთ, რომელიც რუსეთის მუნდიალის ფინალში საფრანგეთისა და ხორვატიის მატჩის დროს მოხდა.
პირველ ტაიმში, როცა ანგარიში 0:0 იყო და შეხვედრას ხორვატები აკონტროლებდნენ, ერთ-ერთი შეტევის დროს ანტუან გრიზმანი საჯარიმოსთან ახლოს დაეცა და მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, რომლის შედეგადაც გოლი გავიდა.
ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ გრიზმანმა სიმულაციას მიმართა და სანამ მას შეეხებოდნენ ვარდნა უკვე დაწყებული ჰქონდა.
ვიდეო რეფერის გამოყენების შემთხვევაში აქ ჯარიმა არ უნდა დანიშნულიყო და არავინ იცის შემდეგ როგორ დასრულდებოდა ფინალური მატჩი.
მთავარი არბიტრი VAR-ს იმ მომენტში იყენებს, როცა თავად ჩათვლის საჭიროდ, რაც არასწორია. ფაქტები მეტყველებენ, რომ ასეთი მიდგომა შეცდომებს იწვევს, მცდარი გადაწყვეტილებები კი ამ ერთი შეხედვით პროგრესულ ტექნოლოგიას უსარგებლოს ხდის.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პრობლემა დროებითია და ხარვეზი გამოსწორდება, რის შედეგადაც შეხვედრების დასრულების შემდეგ კითხვის ნიშნები აღარ დარჩება.