შენგელია აპრილში დაბრუნდება
„ბასკონია“ ევროლიგის საპლეიოფო საგზურისთვის ბრძოლას თორნიკე შენგელიას გარეშე გააგრძელებს. ქართველ მძიმე ფორვარდს მუხლის ტრავმა აწუხებს და კლუბის ოფიციალური განცხადებით, რომელიც ვიტორიელებმა დღეს გაავრცელეს, თოკოს კიდევ ორი-სამი თვის გამოტოვება მოუწევს.
შენგელია ტრადიციულ მკურნალობას გადის და სარეაბილიტაციო პერიოდი აპრილამდე გასტანს. მან ტრავმა 30 დეკემბერს, „რეალთან“ მატჩში მიიღო. მანამდე გატეხილი ცხვირით თამაშობდა და 2019 წელს პარკეტზე ჯერჯერობით არ გამოჩენილა.
შენგელია „ბასკონიას“ მაისურით 12.7 ქულას, 4.5 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1.2 ჩაჭრას აგროვებს.. ქართველი კალათბურთელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ვიტორიელებს მის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ ევროლიგის ფინალური ოთხეულის შეხვედრები სწორედ „ბასკონიას“ საშინაო პარკეტზე გაიმართება და სტარტს 17 მაისს აიღებს.