17 წლის გიორგი ბიჭიაშვილმა საქართველოს ჩემპიონატში 3 ქულიანების რეკორდი გაიმეორა!
საქართველოს 18 წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტური უნიკალური გამოდგა და ისტორიული შედეგიც დაფიქსირდა. ზაზა ფაჩულიას აკადეემიისა და "თსსუ"-ს მატჩისას, 17 წლის გიორგი ბიჭიაშვილმა ქვეყნის ყველა ჩემპიონატის მასშტაბით დამყარებული 3 ქულიანების რეკორდი გაიმეორა.
თინეიჯერმა კალათბურთელმა "თსსუ"-ს წინააღმდეგ 10 სამქულიანი ჩააგდო, ასეთი შედეგი კი FIBA-ს მონაცემების მიხედვით, აქამდე მხოლოდ მანუჩარ მარკოიშვილს ჰქონდა. ბიჭიაშვილმა მეტოქის კალათისკენ გაშვებული პირველი 9 სამქულიანი ჩააგდო (!!!), საბოლოო ჯამში კი 15-დან 10 სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა.
ახალგაზრდა კალათბურთელმა საერთო ჯამში 38 ქულა მოაგროვა. მისი შესანიშნავი თამაშის ფონზე, ზაზა ფაჩულიას აკადემიამ "თსსუ" 92:57 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამავე ჩემპიონატის წინა ტურში ბიჭიაშვილმა 8 სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა.
გიორგი ბიჭიაშვილი საკალათბურთო კლუბ "ორბის" და პირადად, ბავშვთა მწვრთნელის, ზვიად დიდბარიძის აღზრდილია. ბიჭიაშვილი "ორბის" ასაკობრივ გუნდებში ღრმა ბავშვობიდან თამაშობდა, პარალელურად კი საქართველოს 14 და 16 წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა. გიორგის "ორბისთან" ერთად არაერთი ტიტული და ინდივიდუალური ჯილდო აქვს მოგებული. მან "ორბის" რიგები რამდენიმე თვის წინ დატოვა.