ლუჩესკუ, ჩიგრინსკი და რეხვიაშვილის უიღბლო დებიუტი
საბერძნეთის სუპერლიგის მე-15 ტურში ათენის აეკ-მა შინ ''ლევადიაკოსი'' 1:0 დაამარცხა. სტუმართა ახალწვეულმა გიორგი რეხვიაშვილმა ''ლევადიაკოსის'' შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, 30 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, 85-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩის ერთადერთი გოლი 21 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ეზეკიელ პონსომ გაიტანა.
გიორგი რეხვიაშვილმა საბერძნეთი სუპერლიგაში სადებიუტო მატჩი არაერთი ცნობილი ფეხბურთელის წინააღმდეგ ჩაატარა. მათ შორის არიან ნენად კრსტიჩიჩი და მარკო ლივაია, რომელთაც იტალიის სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვთ. მათ გარდა აეკ-ის მაისურით ''ბარსელონას'' ყოფილმა მცველმა დმიტრი ჩიგრინსკიმ იასპარეზა.
16-გუნდიან ლიგაში ''ლევადიაკოსი'' 12 ქულით მე-15 ადგილზეა და ელიტარულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
2011 წელს ევროპა ლიგის ფლეი ოფში თბილისის ''დინამო'' აეკ-თან დამარცხდა. რეხვიაშვილმა ბერძნული კლუბის წინააღმდეგ ორივე მატჩი სასტარტოში ჩაატარა. ათენში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს, საპასუხო შეხვედრის ძირითადი დრო ''დინამოს'' გამარჯვებით დასრულდა, თუმცა დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე აეკ-ი გავიდა.

საბერძნეთის სუპერლიგაში ჩემპიონატის ლიდერმა პაოკ-მა, რომელსაც რაზვან ლუჩესკუ წვრთნის, სალონიკში ''იანინა'' 2:1 დაამარცხა. ''იანინას'' სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა მცველმა ლაშა შერგელაშვილმა 90 წუთი ითამაშა.
გამარჯვების გოლი 22 წლის პოლონელმა ფორვარდმა კაროლ სვიდერსკიმ გაიტანა.
16-გუნდიან ლიგაში შერგელაშვილის გუნდი 17 ქულით მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება, თუმცა უშუალო კონკურენტს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
