ორი ქართველი ალი ქარიმის გუნდში
CrystalSport-ის ცნობით ირანულ საფეხბურთო კლუბ რეშთის ''სეპიდრუდში'' საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რომან ჩაჩუა ითამაშებს. აზიურ კლუბს მიუნხენის ''ბაიერნის'' ყოფილი ფეხბურთელი ალი ქარიმი წვრთნის. გარდა მთავარი მწვრთნელობისა, ალი ქარიმი კლუბის მესაკუთრეა.
22 წლის ჩაჩუას, რომელიც ამპლუით მცველია, საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, 2016-17 წლებში ქობულეთის ''შუქურას'' მოთამაშე იყო, გასული სეზონი კი ''სამტრედიაში'' გაატარა.
რომან ჩაჩუა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 14-ნომრიან მაისურში

აღნიშნულ კლუბში ჩაჩუას გარდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ლუკა ნოზაძე იასპარეზებს, რომელიც ირანულ კლუბში მიმდინარე თვეში ჩაირიცხა.
16-გუნდიან ირანის ელიტარულ ლიგაში ''სეპიდრუდი'' მე-15 პოზიციაზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მე-10 ადგილს ''ნასაჯი'' იკავებს, რომლის შემადგენლობაში ქართველი მცველები, ლაშა თოთაძე და გიორგი გველესიანი ირიცხებიან.