გუარდიოლა: ''ანრი შემეცოდა, თუმცა ასეთია ფეხბურთი''
საფეხბურთო კლუბ ''მონაკოს'' მთავარი მწვრთნელის პოსტი ტიერი ანრიმ დატოვა. ფრანგ სპეციალისტს ლეონარდო ჟარდიმი შეცვლის, რომელიც ''მონაკოს'' მიმდინარე სეზონში ანრის დანიშვნამდე წვრთნიდა.
კლუბიდან წასვლის შემდეგ 41 წლის მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.
''მონაკოდან'' წასვლა ძალიან სამწუხაროა. სირთულეების მიუხედავად ''მონაკოში'' მოღვაწეობა ძალიან სასიამოვნო იყო. ფანტასტიკურ გუნდში მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე. ''მონაკოს'' ფეხბურთელებისა და ახალწვეულების მჯერა და იმედი მაქვს მათთვის სეზონის მეორე ნახევარი წარმატებული იქნება.
— Thierry Henry (@ThierryHenry) January 25, 2019
დიდი მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, ვადიმ ვასილიევსა და მიხაელ ემენალოს. მათ იმ კლუბში მუშაობის შანსი მომცეს, სადაც ბავშვობის წლები გავატარე. მსურს ''მონაკომ'' წარმატებებს მიაღწიოს. გულწრფელად მჯერა, რომ გუნდი შედეგიან ფეხბურთს ითამაშებს. მიმდინარე სეზონში ''მონაკოს'' საფრანგეთის თასის აღმართვას ვუსურვებ.''

''მონაკოში'' მომხდარი სამწვრთნელო გადაადგილების შესახებ ''მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ისაუბრა. კატალონიელის თქმით ფრანგული კლუბის მმართველთა გადაწყვეტილება გაუგებარია: ''ანრი ძალიან შემეცოდა. ის ბრწყინვალე ადამიანია, ძალიან შემეცოდა, თუმცა ასეთია ფეხბურთი.''
ტიერი ანრი 2007-10 წლებში ''ბარსელონას'' ფეხბურთელი იყო და 2008-10 წლებში კატალონიურ გრანდში პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით თამაშობდა.

ანრის შესახებ ლონდონის ''ჩელსის'' ფეხბურთელმა ედენ აზარმა ისაუბრა. მისი თქმით ანრი წარმატებული მწვრთნელი გახდება და მოხარული იქნება თუ ბელგიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდება.
2016-18 წლებში ანრი ბელგიის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის თანაშემწედ მუშაობდა, გასული წლის ოქტომბრიდან კი ''მონაკოს'' მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ასრულებდა.
