''საბურთალომ'' თურქული შეკრება გამარჯვებით დაიწყო
პირველ თურქულ შეკრებაზე საფეხბურთო კლუბმა ''საბურთალომ'' პირველ ამხანაგურ მატჩში რუმინული ''ვიტორული'' 2:1 დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდიდან გოლები გეგა დიასამიძისა და გოგა ჩაბრაძის ანგარიშზეა.
შეხვედრაში ანგარიში რუმინულმა გუნდმა გახსნა, თუმცა შემდგომ საქართველოს ჩემპიონმა 2 გოლი შეაგდო. დიასამიძის გოლი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა, შინდაგორიძის პასის შემდეგ ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა, ხოლო ჩაბრაძემ სოლო რეიდი განავითარა და შეტევა თავად დაასრულა.
ჩაბრაძის სოლო რეიდი და გოლი
''საბურთალოს'' სასტარტო შემადგენლობა: მიგინეიშვილი, მალი, მარგველაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი, გორგიაშვილი, ალთუნაშვილი, დიასამიძე, შინდაგორიძე, ვაგნერი, დვალიშვილი.
შესვენების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა თამაშში შემდეგი ფეხბურთელები ჩართო: კაკუბავა, ჩაბრაძე, ელვინ ტერა, გი, გვარაძე, გულიაშვილი, კოხრეიძე, გოშთელიანი.
თბილისური კლუბი შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 28 იანვარს სერბულ ''ნაპრედაკთან'' გამართავს.
CrystalSport-ის ინფორმაციით ''საბურთალოს'' გიორგი თევზაძე დაუბრუნდა, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი სლოვაკურ ''ჟილინაში'' გაატარა. ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონს თურქულ შეკრებაზე უახლოეს დღეებში შეუერთდება.
22 წლის ცაცია ''საბურთალოს'' პირველ გუნდში 2013-14 წლებში ასპარეზობდა, შემდეგ კი სლოვაკური გუნდის გარდა ''სამტრედიასა'' და თბილისის ''დინამოს'' ღირსებას იცავდა.

ასევე იხილეთ: სხირტლაძემ სლოვაკური გუნდი დატოვა
ფოტო: fcsaburtalo.ge, mskzilina.sk