Aa
Aa

ზაზას დაბრუნება "დეტროიტმა" გამარჯვებით აღნიშნა

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ პლეიოფის საგზურისთვის იბრძვის. „პისტონსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეცხრე ადგილს იკავებს და „შარლოტ ჰორნეთსს“, ერთი მოგებით ჩამორჩება.

გამთენიისას დეტროიტელებმა საკუთარ კედლებში უშუალო კონკურენტი, „ორლანდო მეჯიქი“, მიიღეს და მნიშვნელოვანი მოგება გაიფორმეს. შეხვედრის ძირითადი დრო გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ აღმოჩნდა. ოვერტაიმში კი უკეთ „დეტროიტის“ კალათბურთელები გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ მეტოქეს 120-115 სძლიეს.

ახლად დაბრუნებულმა ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 14 წუთი და 43 წამი გაატარა. ქართველმა ცენტრმა აქტივში 6 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ზაზამ 3-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა და ერთი სამიანი გააცუდა. ფაჩულიამ ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა +16-ს უწია.

„დეტროიტის“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ტრადიციულად ბლეიკ გრიფინმა შეიტანა, რომელმაც შეხვედრა 30 ქულით დაასრულა. ანდრე დრამონდმა მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 14 ქულა, 22 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ლუკ კენარდმა კი გუნდს 14 ქულა შესძინა.

„ორლანდოსთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დეტროიტელების ანგარიშზე 19 მოგება და 24 მარცხია. „პისტონსი“ მომდევნო შეხვედრას კვლავ საკუთარ მოედანზე გამართავს და „მაიამი ჰითს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები