ქართველი ფეხბურთელი უნგრეთის ტიტულოვან კლუბში
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელი უნგრეთის ტიტულოვან კლუბში

უნგრულ საფეხბურთო კლუბ ბუდაპეშტის ''ჰონვედში'' ქართველი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი ჩაირიცხა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ტალინის ''ფლორამ''  სეზონის ბოლომდე უნგრულ კლუბში გაანათხოვრა.

28 წლის ზაქარია ბეგლარიშვილი ''ჰონვედის'' ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა: ''ვიცი რომ ''ჰონვედში'' ფერენც პუშკაში თამაშობდა. გუნდში პროფესიული გარემოა. სწორი არჩევანი გავაკეთე. ესტონეთში ყველა ტურნირი მოვიგე, ახლა კი მსურს გოლები ''ჰონვედისთვის'' გავიტანო. გოლების გარდა ჩემი ფუნქცია საგოლე გადაცემების შესრულებაა. რამდენიმე კლუბის მხრიდან წინადადებები მივიღე, თუმცა არჩევანი ''ჰონვედზე'' შევაჩერე. მე აქ ვარ და იმედი მაქვს გუნდისთვის პროდუქტიული ვიქნები.''

რაც შეეხება ბეგლარიშვილის განვლილ კარიერას, საფეხბურთო კლუბ ''თბილისის,'' გორის ''დილასა'' და თბილისის ''ლოკომოტივის'' ყოფილი შემტევი 2013 წლიდან ტალინის ''ფლორას'' ღირსებას იცავდა. ის ასევე გამოდიოდა ამსტერდამის ''აიაქსის'' 19 წლამდე გუნდში.

ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა (2010, 2011, 2015 და 2017 წლები). მან ესტონეთის თასი ორჯერ მოიგო (2011 და 2013 წლები). საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა წევრმა ესტონეთის სუპერთასზე სამჯერ გაიმარჯვა (2011, 2012 და 2014 წლები).

ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობის მიღებისთვის აუცილებელი ყველა გამოცდა წარმატებით ჩააბარა და მიმდინარე წლის აპრილში ესტონეთის პასპორტს მიიღებს, რის შემდეგაც ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება ექნება.

საგულისხმოა, რომ ბეგლარიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. 2015 წელს საქართველოს ეროვნულ გუნდში მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ''ფლორას'' ქართველი ლეგიონერი მიიწვია და ამხანაგურ მატჩში ათამაშა.

''ჰონვედი'' უნგრეთის 14 გზის ჩემპიონია. კლუბი 1909 წლის 3 აგვისტოს დაარსდა.

გასულ სეზონში ''ჰონვედი'' უნგრეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდა. მიმდინარე სეზონში 18 ტურის შემდეგ ''ჰონვედი'' 29 ქულით მე-4 ადგილზეა და მეორეადგილოსან ''ვიდის'' მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.

''ჰონვედში'' ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი ფრანგი დავიდ ნ'გოგია, რომელიც პსჟ-ში, ''ლივერპულში,'' ''ბოლტონსა'' და ''სუონსიში'' ასპარეზობდა. ნ'გოგი ფრანგულ ''რეიმსში'' ჯაბა კანკავას თანაგუნდელი იყო.

უნგრეთის ჩემპიონატი თებერვალში განახლდება.  2 თებერვალს ''ჰონვედი'' ლიდერ ''ფერენცვაროშს'' ესტუმრება, 9 თებერვალს კი უმასპინძლებს ''პუშკაშ აკადემიას,'' რომლის შემადგენლობაში ბაჩანა არაბული ასპარეზობს.  უნგრეთის ჩემპიონატში ასევე გამოდის გიორგი ბერიძე, რომელიც ''უიპეშტის'' ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო აუტსაიდერ ''ჰალადაშის'' საყრდენი ბუბა დაუშვილია. 

CrystalSport-ის ინფორმაციით უახლოეს დღეებში ჩემპიონატის ლიდერ ''ფერენცვაროშში'' საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი ჩაირიცხება.

ფოტო: fcflora.ee, honvedfc.hu, gff.ge, zimbio.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები