რეხვიაშვილი ბერძნულ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა
Aa
Aa

რეხვიაშვილი ბერძნულ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ''საბურთალო'' შესაძლოა ცენტრალურმა მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა დატოვოს. СrystalSport-ის ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელის საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადასვლის ალბათობა საკმაოდ დიდია, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალური შეთანხმება არ მიღწეულა.

СrystalSport-ის ინფორმაციით რეხვიაშვილით ''ლევადიაკოსია'' დაინტერესებული, რომელიც სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და გუნდის მთავარი მწვრთნელი იტალიელი ჯუზეპე სანინოა.

30 წლის გამოცდილ მოთამაშეს უცხოეთში ასპარეზობის გამოცდილება აქვს, თუმცა 2014 წელს თურქულ ''ბოლუსფორში'' გატარებული დრო საკმაოდ უიღბლო გამოდგა, რადგან მძიმე ტრავმის გამო თურქეთის რანგით მეორე ლიგაში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.

რეხვიაშვილს რუსთავის ''მეტალურგში,'' თბილისის ''დინამოში,'' საჩხერის ''ჩიხურასა'' და თბილისის ''ლოკომოტივში'' უთამაშია, 2018 წლის სეზონი კი ''საბურთალოში'' გაატარა და მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. აღნიშნული ტიტული რეხვიაშვილმა რუსთავის ''მეტალურგთან'' და თბილისის ''დინამოსთან'' ერთადაც მოიპოვა.

თემურ ქეცბაიას მთავარი მწვრთნელობისას რეხვიაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში რამდენჯერმე მოხვდა, თუმცა ერთადერთი შეხვედრა ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობისას უზბეკეთის წინააღმდეგ ჩაატარა.

მთავარი ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები