3 იანვრის
Aa
Aa

3 იანვრის "სატრანსფერო ზონა"

CrystalSport-ის გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ხმაურიან გარიგებებს ყოველდღიურად მიმოიხილავს და "სატრანსფერო ზონის" სახით შემოგთავაზებთ.

***

ლონდონის ‘‘არსენალი’’ კეილორ ნავასის გადაბირებას გეგმავს. ჩრდილოლონდონურმა კლუბმა კოსტარიკელ ფეხბურთელთან დაკავშირებით ‘‘სამეფო კლუბს’’ მიმართა. ‘‘მეთოფეები’’ მზად არიან ნავასის სანაცვლოდ 14 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაიღონ. ინფორმაციას ესპანური გაზეთი Sport-ი ავრცელებს.

‘‘არსენალი’’ ერთადერთი გუნდი არაა, რომელსაც 32 წლის მეკარის შეძენა სურს. ნავასით იტალიური ‘‘რომაც’’ დაინტერესდა.

ტიბო კურტუას ‘‘სამეფო კლუბში’’ გადასვლის შემდეგ ნავასმა ‘‘რეალის’’ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მიმდინარე სეზონში ნავასმა ლა ლიგის მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

***

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის, ლონდონური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. „დეზების“ 26 წლის ვარსკლავის გადმობირება რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს. დანიელი ვარსკლავი დიდი ხანია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და ისეთი კლუბების ინტერესის სფეროში მოექცა, როგორებიც „მადრიდის რეალი“ და „კატალონიის ბარსელონა“ არიან.

ბრიტანული გამოცემების ცნობით ერიქსენი კარიერის სხვა გუნდში გასაგრძელებლად მზადაა, თუმცა „ტოტენჰემის“ სამომავლი გეგმებში მისი გასხვისება არ შედის. Daily Mail-ის ინფორმაციით „დეზების“ წარმომადგენლები დანიელ ფეხბურთელს უახლოეს მომავალში დაუკავშირდებიან და კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ბრიტანული ტაბლოიდების ინფორმაციით ლონდონელები მზად არიან გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმონ და ერიქსენი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქციონ. კულუარული ცნობების მიხედვით „ტოტენჰემის“ მესვეურებს სჯერათ, რომ კრისტიანის დაყოლიებას მოახერხებენ.

დანიელი ნახევარმცველი ლონდონური გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. „დეზების“ მაისურით მას 189 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდების კარის აღება 45-ჯერ მოახერხა.

***

„ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მარუან ფელაინიმ შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი“ უახლოეს მომავალში დატოვოს. როგორც Daily Mail იუწყება ოლე გუნარ სოლსკიაერის ტაქტიკაში ბელგიელი ნახევარმცველის ადგილი აღარაა და ეს უკანასკნელი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ადგილსამყოფელის შეცვლას არ გამორიცხავს.

ფელაინის გადმობირებით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული. მარუანის საკუთარ რიგებში ხილვა „ფულემს“ სურს, თუმცა ყველაზე მეტად „ფენერბაჰჩე“ აქტიურობს.

ადგილობრივი პრესის მიხედვით „ფენერის“ წარმომადგენლები ფელაინის აგენტებს უკვე დაუკავშირდნენ და 18 თვიანი კონტრაქტის გაფორმების წინადადებით მიმართეს. თურქებმა ბელგიელ ნახევარმცველს ანაზღაურების სახით 7.5 მილიონი ფუნტი შესთავაზეს და ახლა პასუხის მოლოდინში არიან. თანხმობის შემთხვევაში „ფენერბაჰჩე“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ფელაინის „წიტელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებას, თუმცა „ფენერის“ ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი მათ სასიკეთოდ დასრულდება.

***

იტალიური პრესის ინფორმაციით, „იუვენტუსს“ კილიან მბაპეს გადაბირება სურს და ამ საკითხზე მუშაობის დაწყებას გეგმავს.

როგორც ტურინული გამოცემა Tuttosport-ი წერს, გარიგება ურთულესი იქნება, თუმცა არა - შეუძლებელი. “პსჟ”-ს წინააღმდეგ ფინანსურმა ფეარ-პლეიმ გამოძიება უკვე დაიწყო და არაა გამორიცხული, პარიზულ კლუბს ერთ-ერთი სუპერვარსკვლავის გაყიდვა მოუწიოს.

Tuttosport-ის თქმით, შესაძლოა, „იუვემ“ მბაპეს გადასაბირებლად პაულო დიბალა გამოიყენოს, რომელსაც ბოლო დროს ალეგრის გუნდში მთლად ლიდერის როლი აღარ აქვს.

კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენმა“ 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ „მონაკოდან“ შეიძინა, ეს თანხა კი გასულ ზაფხულს დაფარა.

***

მილანის „ინტერი“ მის კაპიტან მაურო იკარდისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე რამდენიმე კვირაა მოლაპარაკებებს მართავს.

„ნერაძურის“ ახალ გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტას ერთ-ერთი პრიორიტეტი იკარდის გუნდში დატოვებაა, რომელთანაც შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ხელფასის ოდენობაზე ვერ ხერხდება.

ფეხბურთელის მეუღლისა და აგენტის, ვანდა ნარას განცხადებით, „შავ-ლურჯთა“ ლიდერის წლიური ანაზღაურება სულ მცირე 8 მილიონი ევრო მაინც უნდა იყოს.

25 წლის არგენტინელის საკუთარ რიგებში ხილვა მადრიდის „რეალს“ სურს, ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით კი იკარდის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

***

ლონდონის „ჩელსი“ და ფრანგული „მონაკო“ ცესკ ფაბრეგასის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

ბრიტანული Skysports-ის ცნობით, მოლაპარაკებები უკვე იმ ეტაპზეა, რომ წესით ფეხბურთელის ლიგა 1-ში გადასვლა დიდი ხნით არ უნდა გადაიდოს.

ფაბრეგასი ყოფილ თანაგუნდელს, ტიერი ანრის ამჯერად შეგირდის რანგში შეუერთდება და „მონაკოს“ კრიზისისგან გამოყვანას მასთან ერთად ეცდება.

31 წლის ფაბრეგასს პრემიერ ლიგაში ჯამურად 500-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, იგი წლების მანძილზე „არსენალისა“ და „ჩელსის“ ღირსებას იცავდა.

როგორც ცნობილია, „ჩელსი“ ესპანელი ვარსკვლავის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ფუნტს ითხოვს.

***

ცესკ ფაბრეგასი, რომელიც „მილანის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, „მონაკოში“ გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. ამიტომ, „როსონერის“ ახალი შუახაზელის ძებნა მოუწევს.

მისმა ხელმძღვანელებმა თადარიგი დაიჭირეს და „სასუოლოს“ საყრდენ სტეფანო სენსის ტრანსფერზე ფიქრობენ. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანელთა დირექტორი, ლეონარდო „ნეროვერდის“ უფროსობას უახლოედ პერიოდში შეეხმიანება და ფეხბურთელის იჯარით აყვანისა და გამოსყიდვის უფლების თაობაზე დაელაპარაკება.

შესაძლოა, სენსის „სან სიროზე“ გადასასვლელად ალესანდრო პლიცარი გამოიყენონ, რომელიც ნიჭიერი მეკარეა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

23 წლის სენსი წლევანდელ სეზონში „სასუოლოს“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. მან სერია A-ში 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. სენსის იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც დაუძახეს და „სკუადრა აძურას“ ფორმა აშშ-სთან გამართული ამხანაგური შეხვედრისას მოირგო.

***

აარონ რემზისა და „იუვენტუსს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით პროგრესირებს და დიდი შანსია, სულ მალე ლოგიკურ დასასრულამდეც მივიდეს.

გავლენიანი გამოცემა - Gazzetta dello Sport-ი კონტრაქტის დეტალებსაც ასაჯაროვებს, რომლის მიხედვითაც „იუვე“ ფეხბურთელს ხელფასის სახით წლიურ 6.5 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო თუკი სეზონის მატჩთა საერთო რაოდენობის 50%-ს ითამაშებს, დამატებით ნახევარ მილიონს, 70%-ის თამაშის შემთხვევაში კი 1 მილიონს მიიღებს. თუკი რემზი ამ პირობებს დათანხმდება, იგი სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

აღსანიშნავია, რომ „ბებერი ქალბატონის“ დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ ჟურნალისტებთან რემზის მიმართ ინტერესი დაადასტურა.

აარონ რემზის გადაბირება „პსჟ“-ს, „რეალსა“ და „ბაიერნს“ სურთ, 28 წლის ნახევარმცველს „არსენალთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება.

***

მადრიდის „ატლეტიკოში“ მთლად სახარბიელო ფინანსური სიტუაცია აღარაა და სააგენტო Reuters-ი წერს, რომ მისი ლიდერები კლუბიდან აბარგებას არ გამორიცხავენ.

საქმე ფილიპე ლუიშს, დიეგო გოდინსა და ხუანფრანს ეხებათ, სამივე მათგანს „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. რამდენიმე კვირის წინ გოდინი „მილანს“ დაუკავშირეს, მისით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ინტერესდება.

ასევე ცნობილია, რომ მადრიდელები ნიჭიერი მცველის, ლუკას ერნანდესის „ბაიერნში“ გაყიდვას გეგმავენ, რაც კლუბის ბიუჯეტს დაახლოებით 80 მილიონ ევროს შემატებს.

***

კრისტიან პულისიკის „დორტმუნდიდან“ „ჩელსიში“ გადასვლის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა. გარიგება თავად გერმანულმა კლუბმა დაადასტურა, პრესა კი წერს, რომ „ყვითლებმა“ ტრანსფერის სანაცვლოდ 57.5 მილიონი ევრო მიიღეს.

თუმცა, ამერიკელი შემტევი სეზონის ბოლომდე კვლავ „დორტმუნდში“ იჯარის წესით ითამაშებს და ინგლისურ კლუბს ზაფხულში შეუერთდება.

კრისტიან პულისიკი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია, იგი ამერიკის ნაკრების ფორმით 2016 წლიდან თამაშობს. „დორტმუნდის“ სკოლაში კი 2015 წელს მივიდა, 2016 წლიდან მთავარ გუნდში თამაშობდა, ახლა კი „ყვითლებმა“ მისი ტრანსფერით სოლიდური ფინანსური სარგებელი ნახეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები