პაპუნაშვილი: ''დაბრუნებით ბედნიერი ვარ'' - ესპანური პრესა ქართველის გოლს გამოეხმაურა
Aa
Aa

პაპუნაშვილი: ''დაბრუნებით ბედნიერი ვარ'' - ესპანური პრესა ქართველის გოლს გამოეხმაურა

თითქმის სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა ''სარაგოსას'' მაისურით ითამაშა და დაბრუნება ''ექსტრემადურასთან'' ბრწყინვალე გოლით აღნიშნა.

გამარჯვების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა instagram-ზე დაწერა: '' მადლობა ქომაგებს მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებით ბედნიერი ვარ. 2019 წელს ჩვენს მაქსიმუმს ვაჩვენებთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ.''

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო და 76-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ პაპუნაშვილმა გოლის აღნიშვნისას ცრემლები ვერ შეიკავა. 28 სექტემბრის შემდეგ პაპუნაშვილმა ''სარაგოსასთვის'' პირველად ითამაშა.

ესპანური AS-ი ქართველი ფეხბურთელის დაბრუნებას ეხმაურება. როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა წერს, ''სარაგოსას'' მთავარ მწვრთნელ ვიქტორ ფერნანდესთან მუშაობით პაპუნაშვილი უმაღლესი დონის ფეხბურთელად იქცევა, ფერნანდესთან ქართველი განვითარდება. აღნიშნულ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ქართველმა გუნდს გამარჯვება ბურთთან ორი შეხებით მოუპოვა.

ლა ლიგა 2-ის 22-გუნდიან ჩემპიონატში ''სარაგოსა'' 19 ქულით მე-17 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები