Aa
Aa

თორნიკე შენგელიას 20 ქულა და ბოლო წამებზე დამარცხებული "მაკაბი"

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის ეგიდით მორიგი მატჩი გამართა. ქართველი მძიმე ფორვარდის გუნდი ამჯერად სტუმრად, “მაკაბის” დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებში გაირკვა. მატჩის დასრულებამდე 30.8 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა ვიტორიელებმა წინ გასვლა ვინსენ პოირეს ჩატენვის წყალობით მოახერხეს. საპასუხო შეტევაში “მაკაბის” მოთამაშეებმა ბურთი უხეიროდ გაათამაშეს და სროლის შესრულებაც ვერ მოახერხეს.

უშუალოდ მატჩი “ბასკონიას” კარნახით დაიწყო, მაგრამ თოკომ და კომპანიამ მეორე და მესამე მეოთხედი ჩააგდეს და გადამწყვეტ პერიოდს 7 ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ. საბედნიეროდ მეოთხე მეოთხედში ვიტორიელებმა ქამბექი შემოგვთავაზეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

“ბასკონიას” რიგებში თორნიკე შენგელია საუკეთესო გახლდათ. ქართველმა მძიმე ფორვარდმა აქტივში 20 ქულა, 1 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. თოკომ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 8 საჯარიმო გამოიყენა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 18-ს უწია.

რაც შეეხება მეთიუ ჯენინგს, თავის გამოჩენა მანაც მოახერხა და გუნდს 16 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ყველაფერთან ერთად ჯენინგმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ევროლიგაში თავისი მეცხრაასე ქულა ჩააგდო.

12 ტურის შემდეგ “ბასკონია” 5 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას ვიტორიელები სტუმრად, “გრან კანარიას” წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები