შერმადინის 22 ქულა ყაზანში
გიორგი შერმადინმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, თუმცა, მისი გარჯა მოგებით არ დაგვირგვინდა. ევროთასის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში “უნიკახა” ყაზანში “უნიკსს” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 84:87 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე 23:18 წუთი გაატარა. შერმადინმა 11-დან 9 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. მთლიანობაში მისმა მონაგარმა 22 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი შეადგინა. შერმადინი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 26-ს გაუტოლდა.
“უნიკახას” 9 ტურში 7 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და დ ჯგუფში მხოლოდ “უნიკსს” ჩამორჩება, პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი 19 დეკემბერს, შინ, იტალიურ “ტურინთან” გამართავს.