გრეგ პოპოვიჩმა მოგებების რაოდენობით პეტ რაილის გადაასწრო
Aa
Aa

გრეგ პოპოვიჩმა მოგებების რაოდენობით პეტ რაილის გადაასწრო

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამად სამი შეხვედრა გაიმართა. ტეხასში „სან ანტონიომ“ „ფინიქსს“ უმასპინძლა და არიზონულ გუნდს დამაჯერებლად სძლია.

იგორ კოკოშკოვის კოლექტივის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება გრეგ პოპოვიჩისთვის ისტორიული გამოდგა. „სპურსის“ თავკაცმა კარიერაში 1211-ე მოგება ჩაიწერა და ლეგენდარულ პეტ რაილის გადაასწრო.

NBA-ის ისტორიაში „პოპზე“ მეტი გამარჯვება მხოლოდ სამ სპეციალისტს აქვს მოპოვებული. მესამე ადგილს 1221 მოგებით ჯერი სლოანი იკავებს, მეორეზე ლენი უილკენსი იმყოფება. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 1332 გამარჯვებაა. საუკეთესო შედეგი კი დონ ნელსონს ეკუთვნის, რომელიც ლიდერობას 1335 მოგებით ინარჩუნებს.

რაც შეეხება მატჩს, ტეხასელებმა შეხვედრა 111 – 86 მოიგეს. „სპურსის“ რიგებში 24 ქულითა და 11 მოხსნით ბრინ ფორბსი გამოირჩა. ლამარკუს ოლდრიჯმა აქტივში 18 ქულა ჩაიწერა, ხოლო დანტე კანინგემმა თავი 14 ქულას მოუყარა.

„ფინიქსთან“ მოპოვებული გამარჯვება „სან ანტონიოსთვის“ მიჯრით მესამე გამოდგა. ტეხასელები 14 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთ კონფერენციის მეათე ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები