ფუტსალის ნაკრებმა უნგრეთის ნაკრები მეორე შეხვედრაში ვერ დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების პროცესში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-6 წუთზე საკუთარი გუნდის რამდენიმე სვლიანი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით რიჩარდმა დაასრულა. ჩვენმა გუნდმა წონასწორობა მე-14 წუთზე აღადგინა, შოთა თოფურიას დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ტატაიმ ჩაჭრა. ამ მომენტიდან ზუსტად ერთ წუთში რაბლმა უნგრეთი კვლავ დააწინაურა. პირველი ნახევრის დასრულებამდე ჩვენმა გუნდმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, მე-20 წუთზე მურთაზ კაკაბაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ, მეტოქის კარი ირაკლი თოდუამ აიღო. შეხვედრის მეორე ტაიმში ორივე გუნდის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მეორე ამხანაგური შეხვედრა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ავთანდილ ასათიანისთვის 50-ე აღმოჩნდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შესვენებაზე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა სამახსოვრო ჯილდო გადასცა.