''რუსთავმა'' ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ''რუსთავმა'' ''მიხეილ მესხზე'' ''სამტრედია'' 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით უჩა სოსიაშვილის გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ნომინალურმა მასპინძლებმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს. მე-14 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას შორეული დარტყმისას ილია სტურუამ ბურთი ვერ მოიგერია. იმერული კლუბის 22 წლის მეკარეს ბურთის მოგერიება მართებდა, თუმცა შეცდა და ''რუსთავი'' დაწინაურდა.
17 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის მე-18 მატჩში მესამე გოლი შეაგდო.
''რუსთავმა'' მეორე გოლი 67-ე წუთზე შეაგდო. ილია სტურუა ამჯერადაც შეცდა, მეკარემ საკუთარი საჯარიმოდან ბურთი ვერ მოიგერია, ქავთარაძესთან ორთაბრძოლა წააგო და ანგარიში ორამდე გაიზარდა.
74-ე წუთზე პაპუნა ფონიავას საგოლე გადაცემით გამოცდილმა ოთარ მარცვალაძემ ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 34 წლის მარცვალაძემ მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
''რუსთავი'' 37 ქულით მე-7 ადგილზეა და მერვეადგილოსან ''სიონს'' 6 ქულით უსწრებს. ''რუსთავს'' 1 მატჩი აქვს ჩასატარებელი. უჩა სოსიაშვილის გუნდი დასკვნით ტურში თბილისის ''ლოკომოტივს'' შეხვდება. თუ ''სიონი'' და ''რუსთავი'' თანაბარი რაოდენობის ქულებს დააგროვებენ, მე-7 ადგილზე ''რუსთავი'' გავა, რადგან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. მიმდინარე სეზონში ''რუსთავმა'' ''სიონი'' ორ შეხვედრაში დაამარცხა, ერთი მატჩი ''სიონის'' გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ კი გუნდებმა ფრედ ითამაშეს.
მე-10 ადგილოსანი ''კოლხეთი'' შემდეგ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს, ''სიონი'' და ''სამტრედია'' კი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ფლეი ოფში ითამაშებენ, ხოლო ''რუსთავმა'' ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.
ფოტო/ვიდეო: eliga.ge, ''რუსთავის'' პრესსამსახური