ზივზივაძის პოკერი, რეკორდსმენი კოშკაძე და საჩემპიონო კორიდორი ქუთაისში
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში თბილისის ''ლოკომოტივმა'' მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ფოთის ''კოლხეთი'' 5:1 გაანადგურა.
ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და შემდეგ სეზონსაც ეროვნულ ლიგაში გაატარებს. მასპინძელთაგან გოლები ზურიკო დავითაშვილმა, მამია გავაშელიშვილმა, რატი არდაზიშვილმა, ოთარ კობახიძემ და დავით ჯიქიამ გაიტანეს.
''კოლხეთისთვის'' ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე კირილო დოროშენკომ გაიტანა და ანგარიში 2:1 გახდა. ''კოლხეთი'' შემდეგ სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს, ხოლო ''სამტრედია'' და ''სიონი'' ფლეი-ოფის გზით ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებენ.
თბილისის ''დინამომ'' ''დინამო არენაზე'' ბოლნისის ''სიონი'' 5:2 დაამარცხა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ პოკერი შეასრულა.
ზივზივაძის გარდა ''დინამოსთვის'' აკაკი შულაიამ გაიტანა, ხოლო საპასუხო გოლები გიორგი დათუნაიშვილისა და გივი ხეცურიანის ანგარიშზეა.
ბოლნისის ''სიონის'' ნახევარმცველმა, 36 წლის ალექსანდრე კოშკაძემ საქართველოს ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში 442-ე მატჩი ჩაატარა და გივი დიდავას 1 მატჩით გაასწრო. ჩატარებული მატჩების რაოდენობით ალექსანდრე კოშკაძე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის (უმაღლესი ლიგის) რეკორდსმენია.

ქუთაისის ''ტორპედოსა'' და ''საბურთალოს'' შეხვედრა ''რამაზ შენგელიაზე'' ფრედ 0:0 დასრულდა. ''საბურთალომ'' ''ტორპედოსთან'' მატჩამდე თბილისის ''დინამო'' დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე მოიპოვა. თბილისურ კლუბს ''რამაზ შენგელიაზე'' საჩემპიონო კორიდორი მოუწყვეს.
საინტერესოა, რომ კორიდორი მასპინძლებს ''საბურთალომაც'' მოუწყო. სტუმრებმა ''ტორპედოს'' ფეხბურთელებს საქართველოს თასის ფინალში გამარჯვება მიულოცეს.

კახა ჩხეტიანის გუნდმა დაუმარცხებელი სერია 20 მატჩამდე გაზარდა. ''ტორპედო'' ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 20 შეხვედრაში არ დამარცხებულა, თუმცა ''საბურთალოსთან'' ქულების დაკარგვის გამო მეორეადგილოსან ''დინამოსთან'' ჩამორჩენა 3 ქულამდე გაიზარდა.
ეროვნული ლიგის დარჩენილ ორ ტურში ''ტორპედო'' ''სიონს'' ესტუმრება და ''კოლხეთს'' უმასპინძლებს, ხოლო ''დინამო'' ''კოლხეთს'' ესტუმრება და გორის ''დილას'' უმასპინძლებს.

ფოტო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური, ''სიონის'' პრესსამსახური, თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური
ვიდეო: eliga.ge