Aa
Aa

შენგელია საუკეთესოა! "ბასკონია" "ბაიერნთან" დამარცხდა

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ევროლიგის რიგით მეოთხე ტურის შეხვედრა სტუმრად, "ბაიერნთან" გამართა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ვიტორიელებმა მატჩი ცუდად დაიწყეს და პირველ მეოთხედში მეტოქეს 9 ქულით ჩამორჩნენ. ბასკებმა სხვაობის აღმოფხვრა მეთოდურად სცადეს, თუმცა "ბაიერნმა" მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა და 77 - 71 იმარჯვა.

თორნიკე შენგელია ტრადიციულად ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა აქტივში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. თოკომ 5-დან 4 ორიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. შენგელიამ ბურთი სამჯერ დაკარგა, ორი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 9-ჯერ დაჯარიმდნენ. თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29-ს უწია და ამ მაჩვენებლით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

"ბასკონიას" ვინსენტ პუარემ ულიდერა და გუნდს 24 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. რაც შეეხება ჯენინგს, მეტმა 12 ქულა მიითვალა.

"ბაიერნის" რიგებში 22 ქულით დერიკ უილიამსი გამოირჩა. მაოდო ლომ 15 ქულა მოიპოვა, ხოლო ნიჰად დედოვიჩმა მატჩი 14 ქულით დაასრულა.

შენგელიას გუნდისთვის ეს მარცხი ევროლიგაზე რიგით მესამე აღმოჩნდა. "ბასკონია" შემდეგ შეხვედრას საკუთარ მოედანზე "დარუშაფაქას" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები