Aa
Aa

''ყველაფერი ჩვენს ხელშია, გამარჯვების რეალური შანსი გვაქვს''

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან მატჩამდე ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკის თქმით შესაძლოა ეროვნულმა ნაკრებმა ფორვარდის გარეშე ითამაშოს. ვაისმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მიზანია საქართველოს ნაკრებმა სწრაფი გოლი გაიტანოს.

ვლადიმირ ვაისთან ერთად პრესკონფერენციას გრაცის ''შტურმის'' ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დაესწრო.

ვლადიმირ ვაისი: ''მთელი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვემზადებოდით. ჩვენს ანგარიშზე 6 ქულაა, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი საქართველოს ნაკრების ხელშია. ანდორასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ანდორა ძალიან ორგანიზებული გუნდია. ჩვენი მეტოქე უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში არ დამარცხებულა. ხვალინდელ მატჩში გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს. ყველაფერი ჩვენს ხელშია.''

- ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი ძალიან ფეხბურთელს მიეცით. გიორგი არაბიძის, როგორც ფეხბურთელის მიმართ დადებითად ხართ განწყობილი. რა უნდა გააკეთოს მან ეროვნულ გუნდში დაბრუნებისთვის?

- ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში კონკრეტულ მომენტში არ იმყოფებიან.  როგორც სამწვრთნელო შტაბის, ასევე ფეხბურთის ფედერაციის სურვილს არაბიძის დახმარება წარმოადგენს. რეალურად არაბიძის მომავალი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. არაბიძეს არაერთხელ მივეცით თამაშის შანსი. ჩვენ მას ვაკვირდებოდით, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა. ვფიქრობ არაა შემთხვევითი, რომ დღეს ის ეროვნულ ნაკრებში არ იმყოფება.

- თავდასხმის ხაზში პრობლემები გვაქვს. ეროვნულ გუნდში მხოლოდ ერთ ფორვარდს, ნიკა კაჭარავას ვხედავთ. ხშირად გვინახავს, რომ კაჭარავას თამაში არ გამოსვლია. თუ კაჭარავა თავს კარგად ვერ წამოაჩენს, ასეთ შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი გეგმა? 

- ანდორის ნაკრებზე შემიძლია იმის თქმა, რომ გუნდის საუკეთესო მოთამაშე მთავარი მწვრთნელია. ეს გუნდი საქართველოში სასეირნოდ არ ჩამოსულა. მეტოქემ ერთა ლიგა წარმატებით დაიწყო. ხვალ გეგმით ვითამაშებთ, რაც წარმატების შესაძლებლობას მოგვიტანს. ქვილითაიასა და მჭედლიძის არყოფნაში კაჭარავას სახით მხოლოდ ერთი ფორვარდი გვყავს. ფორვარდად თამაში ვაკო ყაზაიშვილსაც შეუძლია, თუმცა მთავარი არაა რამდენი ფორვარდი გვყავს, მთავარია რამდენ ფეხბურთელს აქვს შეტევის შესაძლებლობა.

- ერთა ლიგის საწყის ორ ტურში გიორგი ლორია უთამაშებელი იყო, დღეს კი კლუბის გარეშეა. როინ კვასხვაძეს უკანასკნელ 8 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. მეკარეებთან მიმართებაში აზრი ხომ არ შეგიცვლიათ? ნომერ პირველ მეკარედ კვლავ ლორია გესახებათ?

- სამწუხაროა, რომ გიორგი ლორიამ ''კრილია სოვეტოვი'' დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ლორიას სათამაშო პრაქტიკა აკლია, ჩემი აზრით დღეს გამოცდილების მხრივ ლორია ნომერ პირველი მეკარეა. როინ კვასხვაძე შანსს ელოდება, ხოლო ლაზარე კუპატაძე მათგან ბევრს სწავლობს.

- რამდენად კმაყოფილი ხართ ჯანო ანანიძის მომზადებით?

- ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში თამაშისთვის მზად არაა. მან რუსეთის თასზე ითამაშა. ანანიძე ფიზიკურად მზადაა, თუმცა სათამაშო პრაქტიკა აკლია. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა ანანიძე მოედანზე ვიხილოთ. არ გამოვრიცხავ, რომ მისი ჭკვიანური მოქმედება შესაძლოა ხვალინდელ მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

კითხვა ოთარ კიტეიშვილს: ''გამარჯვების შემთხვევაში წარმატებისკენ მორიგ ნაბიჯს გადავდგამთ. როგორი განწყობაა გუნდში?

- ყველას მოგესალმებით. ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გააზრებული გვაქვს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი შეხვედრა. კარგია რომ პირველ ორ ტურში 6 ქულა მოვიპოვეთ, თუმცა დღეს პრიორიტეტი ანდორასთან გამარჯვებაა. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. პასუხისმგებლობა ყველას გააზრებული გვაქვს.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველო ''დინამო არენაზე'' ანდორის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ანდორა კი დაუმარცხებელია.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები