Aa
Aa

"ლონდონის ჩელსის" ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა

"ლონდონის ჩელსი" სერიოზული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. „არისტოკრატები“ დისკრიმინაციაში შემჩნეულ ქომაგებს, დისკვალიფიკაციის ნაცვლად, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში წასვლას შესთავაზებენ. 

ინიციატივის ავტორი ებრაული წარმოშობის ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩია. რუს ოლიგარქს „სტემფორდ ბრიჯზე“ ანტი-სემიტური დამოკიდებულების აღმოფხვრა სურს და ამ პოლიტიკის მიზანი სწორედ ეს გახლავთ. "ლურჯები" ებრაელების დისკრიმინაციაში შემჩნეულ ქომაგებს დისკვალიფიკაციის ნაცვლად პოლონეთში მდებარე ყოფილ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში საგანმანათლებლო კურსების გავლას შესთავაზებენ.

“The Sun”-თან საუბრისას „არისტოკრატების“ პრეზიდენტმა, ბრიუს ბაკმა, განაცხადა: „ქომაგებისთვის დისკვალიფიკაციის მიცემით მათ მსოფლმხედველობას და ქცევებს ვერ შევცვლით. „ჩელსის“ ახალი პოლიტიკა გულშემატკივრებს რეალური სურათის დანახვის და უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს. წარსულში ჩვენ ქომაგებს დისკვალიფიკაციას ვაძლევდით, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა! მათ არჩევანის წინაშე ვაყენებთ! გულშემატკივრებს შეუძლიათ დისკვალიფიკაცია აირჩიონ ან დრო ჩვენს ოფიცრებთან ერთად გაატარონ და საკუთარი საქციელის უარყოფითი მხარეები გაიაზრონ“.

„არისტოკრატების“ ხელმძღვანელობამ საკუთარი გულშემატკივრები ანტი-სემიტური შეძახილების გამო არაერთხელ გააკრიტიკა. განსაკუთრებით 2017 წლის სექტემბერი გამოირჩა. ამ დღეს ლონდონური დერბი შედგა, სადაც ერთმანეთს „ტოტენჰემი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ „ლურჯები“ პოლონეთში ყოველწლიურად მიემგზავრებიან. გასულ ზაფხულს "არისტოკრატები" საყოველთაოდ ცნობილ ბანაკს 150 ქომაგთან ერთად ესტუმრნენ.

„ძალიან რთულია, როდესაც მატჩის მიმდინარეობისას 50-100 გულშემატკივარი ანტი-სემიტური შეძახილებით გამოდის. მათი ვინაობის იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია, თუმცა ამ საკითხთან მიმართებითაც სერიოზული ცვლილებების გატარებას ვაპირებთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები