''თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია'' - ცხადაძემ ყოფილი გუნდი დაამარცხა
Aa
Aa

''თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია'' - ცხადაძემ ყოფილი გუნდი დაამარცხა

ყაზახეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ''ორდაბასიმ'' ''ქაირათი'' დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ქართველმა მწვრთნელმა ყოფილ კლუბთან მეორედ გაიმარჯვა.

ცხადაძის გუნდმა საკუთარ კედლებში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ყაზახეთის პრემიერლიგაში ''ორდაბასი'' 38 ქულით მე-5 ადგილზეა. ასევე 38 ქულაა მეოთხეადგილოსან ''ჟეტისუს'' ანგარიშზე.

ამჟამად ''ქაირათს'' ესპანელი კარლოს ფერერი წვრთნის, რომელიც 2011-14 წლებში ''ბარსელონას'' აკადემიაში მუშაობდა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმამწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.

''ჩემმა ფეხბურთელებმა მოედანზე მაქსიმუმი გაიღეს. მათი მადლიერი ვარ. ''ქაირათის'' დონის გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ფიქრობდე თავისუფალი სივრცეების ათვისებაზე. ვფიქრობ ჩემის გუნდის ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს. მათ დავალებები კარგად შეასრულეს.

მთავარმა მსაჯმა ორი გოლი გააუქმა. საინტერესოა ორივე ეპიზოდის განმეორებით ნახვა. ჩემი აზრით ერთ-ერთი წესების სრული დაცვით გავიდა.

სიხარულის საბაბი ნამდვილად გვაქვს. 3 ქულის მოპოვებას კარგა ხანი ვერ ვახერხებდით.

ჩვენთვის თითოეული შეხვედრა ფინალის ტოლფასია. ვცდილობთ მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ და რაც შეიძლება მეტი ქულა მოვაგროვოთ.''

Sports.kz-ს ვერსიით კახა ცხადაძე ტურის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

შეგახსენებთ, კახა ცხადაძე 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის ივლისამდე ''ქაირათის'' მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მიმდინარე წლის ივნისში ცხადაძე ''ორდაბასის'' მთავარი მწვრთნელია. ისევე როგორც ''ქაირათში,'' ამჟამადაც ცხადაძის ასისტენტი გიორგი ჩიხრაძეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები