იცოდით რომ... ლა ლიგის მეშვიდე ტური
Aa
Aa

იცოდით რომ... ლა ლიგის მეშვიდე ტური

ლა ლიგის მორიგი ტური საკმაოდ საინტერესო და სენსაციებით დახუნძლული გამოდგა. "ბარსელონამ" კვლავ ვერ მოიგო და "ბილბაოსთან" მხოლოდ ერთი ქულა აიღო, თუმცა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს მაინც ინარჩუნებს.

ესპანური ფეხბურთის მეორე გრანდმა, "რეალმა", მადრიდული დერბი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში ნულოვან ფრეს დასჯერდა. შესანიშნავ ფორმაში იმყოფება "სევილია". "ანდალუსიელებმა" ზედიზედ მესამე თამაში მოიგეს და ლიდერებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

CrystalSport-ის გუნდი წარმოგიდგენთ რუბრიკას, რომელსაც ლა ლიგის ყოველი ტურის შემდეგ შემოგთავაზებთ და რაუნდის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე ვისაუბრებთ.

იაგო ასპასს „ხეტაფესთან“ თამაში ძალიან უჭირს. ესპანელ თავდამსხმელს „ლოს ასულონესთან“ უფრო მეტი უგოლო შეხვედრა აქვს ჩატარებული, ვიდრე ლა ლიგის ნებისმიერ სხვა კლუბის წინააღმდეგ.

ლა ლიგის მსაჯებთან კამათისთვის ლიონელ მესი ბოლო 4 წლის მანძილზე ზუსტად იმდენჯერ გააფრთხილეს, რამდენჯერაც წინა 11 სეზონში.

ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში „ბეტისმა“ ლორენ მორონის 9 გოლის წყალობით 14 ქულა მოიპოვა.

იბაი გომესმა ლა ლიგის  ბოლო 6 შეხვედრაში მონაწილეობა 4 გოლში მიიღო. მან მეტოქის კარი სამჯერ აიღო და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

წლევანდელ სეზონში ჯერჯერობით ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა „ბეტისის“ განაპირა მცველს, აისა მანდის, აქვს შესრულებული - 603.

„რეალმა“ გოლის გატანა ლა ლიგის ზედიზედ ორ შეხვედრაში 2011 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა.

„ატლეტიკო“ ლა ლიგის ისტორიაში მეორე გუნდია, რომელმაც „რეალთან“ სტუმრად ზედიზედ 6 თამაში არ წააგო. მანამდე ასეთი რამ „ვალენსიამ“ გააკეთა.

სამუელ უმტიტის ძირითადში ყოფნისას „ბარსელონამ“ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული მატჩების 82.1 პროცენტი მოიგო. მის გარეშე ეს მაჩვენებელი 53.8-მდე ჩამოდის.

წლევანდელ სეზონში კრისტიან სტუანის ანგარიშზე „ხირონას“ მიერ გატანილი გოლების 75 პროცენტია.

დიეგო კოშტას გოლი ლა ლიგის ბოლო 16 შეხვედრაში არ გაუტანია.

ბეილს „ატლეტიკოს“ კარის აღება ძალიან უჭირს. უელსელმა ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში „ატლეტიკოსთვის“ გოლის გატანა 9 შეხვედრაში ვერ მოახერხა.

წლევანდელ სეზონში „ბარსელონა“ ლა ლიგის ყველაზე უიღბლო გუნდია. „ბლაუგრანამ“ ძელს ან ხარიხას ბურთი 8-ჯერ გაარტყა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები