პრემიერლიგის კლუბებმა ყველაზე მეტი დახარჯეს - მსოფლიო ფეხბურთის სარეკორდო მაჩვენებელი
Aa
Aa

პრემიერლიგის კლუბებმა ყველაზე მეტი დახარჯეს - მსოფლიო ფეხბურთის სარეკორდო მაჩვენებელი

მსოფლიო ფეხბურთში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სარეკორდო ოდენობის თანხა, 5,44 მილიარდი დოლარი (4,16 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) დაიხარჯა. ფიფას ოფიციალურ ინფორმაციას bbc-ი ავრცელებს.

ფიფას 211 წევრი ასოციაციიდან 182 წევს რეგისტრაციის პერიოდი ივნისიდან სექტემბრამდე ჰქონდა.

ევროპის ხუთ საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატში მთლიანი თანხის 77,5 პროცენტი დაიხარჯა, რაც 4,21 მილიარდ დოლარს შეადგენს. სატრანსფერო ფანჯრისას ყველაზე დიდი თანხა ინგლისურმა კლუბებმა გაიღეს. მათ ახალი ფეხბურთელების დამატებისთვის 1,44 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს მთლიანი დახარჯული თანხა 1 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

2010 წლიდან მოყოლებული პროფესიონალ ფეხბურთელთა ტრანსფერები უნდა იყოს მოწესრიგებული ფიფას საერთაშორისო სატრანსფერო მარეგულირებელი სისტემის მიერ.

მიმდინარე წლის მონაცემები არ მოიცავს ერთი ქვეყნის კლუბებს შორის განხორციელებულ ტრანსფერებს.

ევროპის ხუთი საუკეთესო ჩემპიონატის დომინაცია სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას თვალშისაცემია.

2017 წლის ზაფხულთან მიმართებაში მიმდინარე წელს ტრანსფერში დახარჯული თანხა ევროპის ხუთ საუკეთესო ჩემპიონატში 6,6 პროცენტით გაიზარდა. იტალიის სერია ა-ში საერთო სატრანსფერო თანხის ოდენობა ძალიან მკვეთრად, 74,7 პროცენტით გაიზარდა, ლა ლიგაში კი 42, 2 პროცენტით.

გასულ ზაფხულში 8 401 საერთაშორისო ტრანსფერი განხორციელდა. მათგან 59,1 პროცენტი ფეხბურთელის ამოწურული კონტრაქტის შემდეგ განხორციელდა, როდესაც მოთამაშე ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 15,7 პროცენტი იმ მოთამაშეებზე მოდის, რომლებმაც კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმეს. 13,8 პროცენტი ფეხბურთელთა იმ კატეგორიას ეხება, რომლებიც ახალკლუბს განათხოვრების წესით შეუერთდნენ. რაც შეეხება 11,4 პროცენტს, მათ განათხოვრების ვადა ამოეწურათ და კლუბს დაუბრუნდნენ.

ევროპის დიდი ხუთეულის ჩემპიონატებს საუდის არაბეთი მოსდევს, რომლის კლუბებმა 152. 1 მილიონი დოლარი დახარჯეს. საუდის არაბეთის კლუბების მიერ 2017 წლის ზაფხულში დახარჯული თანხა 485 პროცენტით გაიზარდა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია.

ჩინური კლუბებიც გააქტიურდნენ სატრანსფერო ბაზარზე. მათი დახარჯული თანხა 2017 წელთან შედარებით 105 პროცენტით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები