ისტორიული და დამაჯერებელი გამარჯვება! - საქართველომ ყაზახეთი დაამარცხა!
Aa
Aa

ისტორიული და დამაჯერებელი გამარჯვება! - საქართველომ ყაზახეთი დაამარცხა!

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ერთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ასტანაში, ყაზახეთის ნაკრებს 2:0 მოუგო.

უეფას მიერ ორგანიზებული ახალი ტურნირი სწორედ ყაზახეთი-საქართველოს მატჩით გაიხსნა, შესაბამისად, თითოეული ფაქტი ისტორიული მნიშვნელობისა გახლდათ.

შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და მინიმალური რაოდენობის მომენტები ვიხილეთ, თუმცა გოლის გატანის რეალური შანსი ორივე გუნდს მიეცა.

25-ე წუთზე, ქართველთა ერთ-ერთი შეტევისას პრაქტიკულად ცარიელ კართან გიორგი ნავალოვსკი დარჩა, მაგრამ დარტყმა გაუჭირდა და მცველებმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანეს.


 

რამდენიმე წუთში ხიფათი უკვე გიორგი ლორიას კართან შეიქმნა, როცა ჩვენი მეკარე გამოსვლისას შეცდა და გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ნავალოვსკიმ ბურთი აკრობატული ნახტომით, კარის ხაზიდან სასწაულებრივ გამოიტანა.

 მეორე ტაიმის საწყის წუთებში თამაში აირია და წესიც ხშირად ირღვეოდა, თანდათან კი უპირატესობას ყაზახები დაეუფლნენ, მაგრამ სტანიმირ სტოილოვის გუნდს მომენტების შექმნა უჭირდა.

69-ე წუთზე კი ისტორიული მომენტი დადგა. გიორგი ჩაკვეტაძემ მცველი ერთი-ერთზე მოიხელთა, მოატყუა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ულამაზესი გოლი გაიტანა! უეფას ოფიციალური საიტი წერს: "ბრწყინვალე სოლორეიდი და გასაოცარი დარტყმა 20 მეტრიდან".

 

ჩაკვეტაძეს მთელი მატჩის განმავლობაში 2-3 მეტოქე დასდევდა და სივრცეს უზღუდავდა, რაც კარგად გამოსდიოდათ, მაგრამ როგორც კი გიორგიმ საჭირო სიტუაცია ნახა, მაშინვე თავისი ოსტატობა გამოავლინა.

უეფას ერთა ლიგის სადებიუტო გოლის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.

ყაზახები გაშვებულმა ბურთმა დააბნია და სანამ აზრზე მოვიდნენ, ქართველებმა კიდევ ერთი უმწვავესი და შედეგიანი კონტრშეტევა განახორციელეს.

ჩაკვეტაძემ ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო, დაახლოებით 50 მეტრი გაიარა, ყაზაიშვილი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა, რომელმაც არცთუ კარგად დაარტყა, მაგრამ მეკარისგან ასხლეტილი ბურთი მალის ფეხში მოხვდა და ყაზახთა კარში ჩაიჭრა - 0:2.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით კი პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო. 

"ჯვაროსნები" ჯგუფში გალიდერდნენ, ოდნავ მოგვიანებით კი ლატვია და ანდორა ერთმანეთში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 9 სექტემბერს, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ "დინამო არენა"-ზე გამართავს. თამაში 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთები 5; 10; 15 და 25 ლარი ღირს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები