მაკარიძეს ოპერაცია პორტუში ჩაუტარდება - ქართველი მეკარის იძულებითი პაუზა
პორტუგალიური ''რიუ ავეს'' ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე ტრავმირებულია. როგორც ფეხბურთელმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, მას თიაქარის ოპერაცია პორტუში, 6 სექტემბერს ჩაუტარდება. ფრანგული ''ლე მანის'' ყოფილი მოთამაშე მოედანს ორ თვეში დაუბრუნდება.
''თიაქარის ოპერაციას გავიკეთებ, რაც 7 წელია მაწუხებს. ''იაგიელონიასთან'' თამაშამდე ძალიან შემაწუხა და მატჩის შემდეგ საოპერაციო ვიყავი. ვეცადე ვარჯიშით მომერჩინა, მაგრამ არ გამოვიდა'' - აღნიშნა მაკარიძემ crystalsport-თან საუბარში.
28 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში 2 მატჩი ჩაატარა. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიური კლუბი პოლონურ ''იაგიელონიასთან'' დამარცხდა. მაკარიძემ ორივე შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა.
მაკარიძე ''იაგიელონიასთან'' შეხვედრაში


მაკარიძესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმაც ისაუბრა. სლოვაკი მეკარეებზე საუბრისას მაკარიძის ტრავმის საკითხსაც შეეხო. ვაისმა სწორედ მაკარიძის ტრავმის გამო გადაწყვიტა ეროვნულ გუნდში ლაზარე კუპატაძის მიწვევა.
''რაც შეეხება მეკარეებს, პირველ ნომრად გიორგი ლორია ითამაშებს. კარგი მეკარეები გვყავს კვასხვაძისა და კუპატაძის სახით, მაგრამ ამ ეტაპზე სასტარტო შემადგენლობაში ლორია ითამაშებს. მოგეხსენებათ, გიორგი მაკარიძე ზურგის ოპერაციას გაიკეთებს და მინდორს კარგა ხნით ჩამოშორდება'' - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მატჩამდე ''ჰუალინგში'' გამართულ პრესკონფერენციაზე.
