„რეინჯერსის“ ლეგენდა, ნაჩო ნოვო, „სელტიკის“ ქომაგს დაუპირისპირდა
ბელფასტის აეროპორტში ყოფნისას „რეინჯერსის“ ლეგენდარულ ფეხბურთელს, ნაჩო ნოვოს და „სელტიკის“ გულშემატკივარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
39 წლის ფეხბურთელი, რომელსაც შოტლანდიური გრანდის მაისურით 255 შეხვედრა აქვს ჩატარებული, „სელტიკის“ ქომაგის უკან მოდიოდა, როდესაც ამ უკანასკნელმა ასეთი რამ წაიმღერა: „ნაჩო ნოვო, იმედია ძილში მოკვდები“.
თავდაპირველად მოთამაშე გულშემატკივარის სიმღერას ღიმილით შეხვდა და ქომაგს შუა თითი უჩვენა, რაც მის მიერ გადაღებულ ვიდეოზეცაა დაფიქსირებული, თუმცა აეროპორტის გარეთ ყველაფერი შეიცვალა.
ინტერნეტში მეორე ვიდეოც გავრცელდა, სადაც ესპანელისა და გულშემატკივარის კონფრონტაციაა ასახული: „რატომ იქცევი ასე უპატივცემულოდ? რა დაგიშავე ამის დედაც? დაგიშავე რამე? რა ჯანდაბაა?
შეგახსენებთ, რომ იანვარში „რეინჯერსის“ ლეგენდების გუნდში თამაშისას, ბერლინში გამართულ ტურნირზე ნოვომ გულის შეტევა მიიღო და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. „სელტიკის“ გულშემატკივარის „სიმღერა“, სწორედ ამ ინციდენტს ეხმიანებოდა.
ნაჩო დაპირისპირებას მოგვიანებით, „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და განაცხადა: „ამ საღამოს ბელფასტში ადგილობრივი საზოგადოების მხარდასაჭერად ჩავედი, როგორც კი აეროპორტიდან გამოვედი „სელტიკის“ გულშემატკივრები დამხვდნენ. მათ შეურაცხყოფა მომაყენეს და ჩემზე თავდასხმის განხორციელება სცადეს“.
ნოვომ პოსტს ინციდენტის ამსახველი ვიდეო დაურთო, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.