''მიზანი ელიტაში დაბრუნებაა'' - მერაბ ჟორდანიას შვილმა ჰოლანდიური კლუბი შეიძინა
Aa
Aa

''მიზანი ელიტაში დაბრუნებაა'' - მერაბ ჟორდანიას შვილმა ჰოლანდიური კლუბი შეიძინა

ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, ''დენ ბოსხის'' მთავარი აქციონერი კახი ჟორდანია გახდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მხარეებმა შეთანხმებას გასულ ორშაბათს მიაღწიეს, სამშაბათს საღამოს კი ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოაწერეს.

არნემის ''ვიტესის'' ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას 24 წლის შვილმა ''დენ ბოსხი'' 2,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ''დენ ბოსხის'' დირექტორი ვან დერ კრანი თანხის ზუსტ ოდენობას არ ასახელებს.

როგორც კახი ჟორდანია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნავს, მისი მიზანი ''დენ ბოსხის'' უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა.

''დენ ბოსხი'' 1948 წელს ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა, 1991 წელს კი ჰოლანდიის თასის ფინალში გავიდა. 2005 წელს ჰოლანდიის ელიტარული ლიგიდან რანგით მეორე ლიგაში გავარდა. მას შემდეგ კლუბი ელიტაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

როგორც ჰოლანდიურ telegraaf-ზე ვკითხულობთ, კახი ჟორდანია რუსულ ნავთობის ბიზნესში საქმიანობდა, სადაც გამომუშავებულ თანხას ჰოლანდიურ კლუბში დააბანდებს. კახი ჟორდანიას უმაღლესი განათლება ინგლისში აქვს მიღებული. კახი ჟორდანია შვეიცარიის მოქალაქეა.

მერაბ ჟორდანია ''ვიტესის'' ყოფილი მფლობელია. ასევე იყო თბილისის ''დინამოსა'' და სფფ-ის პრეზიდენტი.

''დენ ბოსხის'' დირექტორი პოლ ვან დერ კრანია, რომელმაც არნემის ''ვიტესი'' გაკოტრებისგან იხსნა, როცა მერაბ ჟორდიანიასთან ერთად არნემულ კლუბში დაიწყო მუშაობა.

''ვიტესის'' გარდა ვან დერ კრანი ჰოლანდიურ ''ფორტუნაში'' მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები