Aa
Aa

"ლუჩო" იწყებს - აგრესიულობა ბურთის კონტროლის დროს, გამიჯნული ფეხბურთი და პოლიტიკა

დღეს ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პრესასთან პირველად წარსდგა.

ჟურნალისტებმა ასტურიელ სპეციალისტს ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვეს და მისგან ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.

ანალიზი და მოსალოდნელი ცვლილებები

„ნდობისთვის და მოცემული შანსისთვის მინდა პრეზიდენტსა და მოლინას დიდი მადლობა გადავუხადო.

ამ ორ წელიწადში რთული და მნიშვნელოვანი საქმე გველოდება. ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელოდებიან. უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, მათ შორის ლოპეტეგისა და იეროს სამუშაოც.

ჩემგან რევოლუციას ნუ მოელით, მაგრამ ცვლილებები აუცილებლად იქნება.

ჩემთვის მოთამაშეების ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. იქნება ის 30 წლის, თუ სხვა ასაკის სულ ერთია.

განვითარება აუცილებელია და ჩემს მიერ პირველ გამოძახებულ სიაში სიურპრიზები იქნება.

პროფესიონალური მიდგომა

მსურს, რომ მაქსიმალურად პროფესიონალურად მივუდგე საქმეს და პრესასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს.

ფეხბურთელობისას ქომაგებთან არასდროს მქონია რაიმე პრობლემა. ესპანეთის ყველა ქალაქში ვარ ნამყოფი და ასეთი არაფერი მომხდარა.

ფეხბურთელები და ენრიკეს სათამაშო სტილი

ჯერჯერობით არცერთ ფეხბურთელთან არ მისაუბრია, თუმცა გუნდის შიდა სამზარეულოს ვიცნობ.

ჩვენ ინდივიდუალურად და გუნდურად მოთამაშე უამრავი მაღალი დონის შემსრულებელი გვყავს. ნაკრებს მიღმაც ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელია.

ყველა მოთამაშეს ინდივიდუალურად გავესაუბრები. ასევე არ მაქვს პრობლემა მკაცრ ხელთან დაკავშირებით.

ფეხბურთელებს ბურთის კონტროლის დროს აგრესიულობას აუცილებლად მოვთხოვ და ასეთი მოთამაშეები ჩვენ ნამდვილად გვყავს.

ფეხბურთი და პოლიტიკა

მე პოლიტიკაზე საუბარს არ ვაპირებ. საკუთარ თავს  ხიხონელად, ასტურიელად და ესპანელად ვთვლი. ასევე კატალონიელადაც.

ვამაყობ იმით თუ რასაც წარმოვადგენ დღეს. ვამაყობ კატალონიაში გატარებული პერიოდით და იმით, რომ ესპანელი ვარ.

არ მაინტერესებს ხალხი რას ფიქრობს.

მწვრთნელის პროფესიას უდიდესი პასუხისმგებლობა ახლავს და მე ამ მხირვ ყოველთვის მკაფიო ვიყავი“.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე „ფურია როხას“ თავკაცის პოსტზე 2020 წლის ჩათვლის იმუშავებს.

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფედერაცია მის სამუშაოს შეაფასებს და ამის შემდეგ გადაწყდება გაუხანგრძლივებენ თუ არა მას კონტრაქტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები