Aa
Aa

"გოლდენ სტეიტი" ტემპის დაგდებას არ აპირებს

"გოლდენ სტეიტი" არ აპირებს ტემპის დაგდებას. მოქმედ ჩემპიონს სეზონში პირველი წაგების საფრთხე გუშინ ემუქრებოდა, რადგან სტუმრად ეთამაშებოდა აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერს "ინდიანა პეისერსს".

მაგრამ "მეომრებმა" საწყის სამ მეოთხედში საერთოდ არ შეიმჩნიეს მორიგი მეტოქის წინააღმდეგობა: პირველ ტაიმში 22:0 გაქცევა მოაწყვეს და ბოლო მეოთხედის წინ, 28 ქულით იყვნენ წინ. და აქ "პეისერსმა" პატარა სასწაული ჩაიდინა - ეს ჩამორჩენა ექვს ქულამდე დაიყვანა, მაგრამ დარჩენილ 25 წამში ვერ მოასწრო თამაშის გადარჩენა.

"უორიორზის" ლიდერს სტივენ კარის სამი მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. ამჯერად, გუნდის ლიდერობა კლეი ტომპსონმა იტვირთა, რომელმაც პირველ ტაიმში 8 სამქულიანი ჩააგდო და 29 ქულა დააგროვა, სულ კი 39 ქულას მოუყარა თავი. ეს იყო მეორე შეხვედრა ტომპსონისთვის კარიერაში, როცა მან ერთ მატჩში 10 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.

"გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ 23-ე მატჩი მოიგო, ჯამში 27-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რაც ხანგრძლივობით მეორეა NBA-ის ისტორიაში. "ლეიკერსის" აბსოლუტურ რეკორდამდე (33 მოგება), "მეომრებს" ექვსი გამარჯვება სჭირდებათ. გარდა ამისა, ჩემპიონმა ერთი რეკორდი დაამყარა - სეზონის სტარტიდან ზედიზედ 13 გასვლითი მატჩი მოიგო, რაც აქამდე არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია.

"კლივლენდს" დაუბრუნდა ლებრონ ჯეიმსი, მაგრამ "კავალერებმა" მაინც გაჭირვებით დაამარცხეს შინ "პორტლენდი". მასპინძლებმა ცხრა ქულით წააგეს პირველი ტაიმი, მაგრამ შემდეგ გაათანაბრეს თამაში, მეოთხე მეოთხედის სტარტზე კი მინი-გაქცევა მოაწყვეს და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. გუნდების ლიდერების - ჯეიმსისა და დამიენ ლილარდის დუელი ფრედ დასრულდა: ამ კალათბურთელებმა 33-33 ქულა დააგროვეს.

ისევ არასტაბილურია "ჰიუსტონი" და მისი ლიდერი ჯეიმს ჰარდენი. "როკეტსის" დამარცხება "ბრუკლინმა" შეძლო, რომლის მთავარ მწვრთნელს ლაიონელ ჰოლინზს მალე დაითხოვენ თანამდებობიდან.

"ნეტსის" უპირატესობა 18 ქულას აღწევდა. "რაკეტებმა" მეორე ტაიმში შეამცირეს სხვაობა, მაგრამ მაინც ვერ აიცილეს თავიდან მე-12 წაგება. ჰარდენმა 35 წუთში მხოლოდ 10 ქულა დააგროვა, რაც მისი ანტირეკორდია მიმდინარე სეზონში.

"ოკლაჰომამ" ოთხივე მეოთხედი მოუგო სტუმრად "მემფისს" და 37 ქულით გაანადგურა მეტოქე. კევინ დურანტმა 32 ქულა დააგროვა და საერთო კარიერული მონაგარი 15 955 ქულამდე აიყვანა, რითაც ლეგენდარულ პიტ მარავიჩს გაუსწრო და NBA-ის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სიაში 105-ე ადგილზე გადავიდა. შემდეგი სამიზნე კიკი ვანდევეგეა 15 980 ქულით.

 

ციფრები

პირველ მეოთხედში გაშვებული 44 ქულა ახალი საკლუბო ანტირეკორდია "ინდიანასთვის". 1990 წელს, "ჩიკაგომ" ჩაუგდო "პეისერსს" 12 წუთში ამდენივე ქულა. ხოლო პირველ ტაიმში მიღებული 79 ქულა - ერთით ნაკლებია მეორე ანტირეკორდზე (1978 წელს, "ინდიანამ" "ლეიკერსისგან" ერთ ტაიმში 80 ქულა გაუშვა).

ზედიზედ 87 მატჩია, სტივენ კარი მინიმუმ ერთ სამქულიანს აგდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები