ინიესტამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
Aa
Aa

ინიესტამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ანდრეს ინიესტამ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს დაუდასტურა, რომ ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, სანაკრებო კარიერას ასრულებს. 34 წლის ინიესტამ, რომელმაც „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ კონტრაქტი იაპონურ კლუბთან გააფორმა, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ის მიღწევები გაიხსენა, რაც მან ეროვნულ ნაკრებთან ერთად იზეიმა.

წერილში ინიესტამ დაწერა: „ეროვნული ნაკრების მაისური პირველად,14 წლის წინ მოვირგე. მაშინ მხოლოდ 15 წლის ვიყავი. არასდროს დამავიწყდება ეს მომენტი. მუდამ ჩემი ოცნება იყო, რომ ჩემი ქვეყნის ფერები დამეცვა. ეს განსაკუთრებული გრძნობა იყო და დიდი პასუხისმგებლობა. ნაკრებისთვის ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებდი, რათა თქვენ ეროვნული გუნდით ყოველთვის გეამაყათ. ვფიქრობ, საკმაოდ იღბლიანი ვარ, რომ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე კარგ თაობასთან ერთად ვითამაშე. ჩვენ ბევრ დიდებულ წარმატებას მივაღწიეთ, ავისრულეთ ის ოცნებები, რომლებიც ბავშვობიდან გვქონდა. თუმცა იყო ბევრი იმედგაცრუება და რთული მომენტიც. მადლობას გიხდით ყველას იმისთვის, რომ უკეთეს გუნდელად და ფეხბურთელად მაქციეთ. სასიამოვნო იყო ამ წლების თქვენთან ერთად გატარება. ახლა კი დროა განზე გავდგე. ეს არაა მარტივი გადაწყვეტილება. ამაზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვფიქრობდი. იმის ილუზია და ჟინი ყოველთვის მექნება, რომ სრულფასოვნად თამაში შემიძლია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ ნაკრებისთვის იმას გავაკეთებდი, რაც მისთვის საუკეთესო იქნებოდა. მომავალი დამაიმედებელია, რადგან ბევრი წარმოუდგენლად ძლიერი ფეხბურთელი იზრდება, რომლებსაც ჩემი სახით დიდი ქომაგი ეყოლებათ. ეჭვიც არ მეპარება, რომ მომავალი არაჩვეულებრივი იქნება.“

ანდრეს ინიესტამ ესპანეთის ნაკრების მაისურით 13 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი ჰოლანდიის წინააღმდეგ, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, გამარჯვების მომტანი გამოდგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები