კავაის ლებრონთან თამაში სურს, „სპურსი“ ლეონარდის გასაცვლელად მზადაა
Aa
Aa

კავაის ლებრონთან თამაში სურს, „სპურსი“ ლეონარდის გასაცვლელად მზადაა

Yahoo Sports-მა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, მათი წყაროების მიხედვით კავაი ლეონარდი ლებრონ ჯეიმსს დაუკავშირდა და ერთად თამაში შესთავაზა. ლეონარდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია და ფაქტია, რომ მისი დონის თანაგუნდელი ლებრონს კარიერის განმავლობაში არასდროს ჰყოლია. ამერიკელი ჟურნალისტები სავარაუდო დანიშნულების ადგილად „ლეიკერსს“ ასახელებენ.

„სან ანტონიოსა“ და კავაის საგა როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება, ტეხასელები მის გასაცვლელად მზად არიან და მოლაპარაკებებს რამდენიმე გუნდთან აწარმოებენ. ამერიკელი გამოცემების ინფორმაციით გამოკვეთილი კანდიდატები „ლეიკერსი“ და „ბოსტონი“ არიან.

ლეონარდის გადმოსაყვანად ყველაზე მეტად „ლეიკერსი“ აქტიურობს, ამ უკანასკნელს კავაისა და ლებრონის საკუთარ გუნდში ხილვა სურს და მზადაა „სპურსის“ ლიდერის სანაცვლოდ უარი რამდენიმე პერსპექტიულ მოთამაშეზე თქვას. გავრცელებული ინფორმაციით ლოს-ანჯელესელები ტრეიდში ბრენდონ ინგრემის ჩართვაზე ამბობენ უარს, თუმცა თუ საჭირო გახდა ყველა ვარიანტის განსახილველად მზად არიან. რაც შეეხება „სან ანტონიოს“, ტეხასელები ლონზო ბოლის მიმართ არანაირ ინტერესს არ გამოხატავენ და მისი საკუთარ შემადგენლობაში ხილვა არ სურთ. აღსანიშნავია, რომ „ლეიკერსი“ „დენვერთან“ გაცვლის განხორციელებას და „ნაგეთსისგან“ მომავალი დრაფტის უფლებების მიღებას გეგმავს, ჟურნალისტების ცნობით ლოს-ანჯელესელების მიზანი კავაის ტრეიდში კოლორადოელების დრაფტის უფლებების ჩართვაა.

შეგახსენებთ, რომ „სპურსსა“ და კავაის შორის სერიოზული უთანხმოებაა, ტეხასელები მის დასატოვებლად ყველაფრის გაკეთებას აპირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს აზრი შეიცვალეს და ახლა მის გაცვლას ცდილობენ. ლეონარდმა შარშან მონაწილეობა მხოლოდ 9 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 16.2 ქულას აგროვებდა. „სპურსის“ წარმომადგენლებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ კავაის უშუალო კონკურენტში არ გაუშვებდნენ, ამიტომ ექსპერტები „სელტიკსის“ ვარიანტს უფრო მისაღებად განიხილავენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები