იოლად და დამაჯერებლად! - ბოლქვაძის მორიგი გამარჯვება მანჩესტერში
Aa
Aa

იოლად და დამაჯერებლად! - ბოლქვაძის მორიგი გამარჯვება მანჩესტერში

მარიამ ბოლქვაძე, მანჩესტერის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს და დღეს კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო, რითაც ძირითად ბადეს ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა.

20 წლის ქართველმა, საკვალიფიკაციოს პირველ რაუნდში, ბრიტანელი, ემილი ვებლი 3 სეტში, 2:6; 6:4; 7:5 დაამარცხა, დღეს კი კიდევ უფრო იოლად იმარჯვა და ამერიკელი, ალექსანდრა მუელერი 6:2; 6:0 გაანადგურა.

მარიამს პირველი მოწოდების 72%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, რამაც საქმე საგრძნობლად გაუმარტივა - 5 ეისი მოაწოდა, 2-ჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე ქულების 77%, ხოლო მეორეზე 58% მოიგო.

უდიდესი სხვაობა იყო საერთო ჯამში მოგებულ ქულებში - 62:35. ასევე, სასიხარულოა, რომ 2 ბრეიკ-პოინტის მიუხედავად, ბოლქვაძეს საკუთარი ჩაწოდება არ წაუგია.

ქართველი ჩოგბურთელი, ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მე-3 რაუნდში, დიდ ბრიტანელ ალისია ბარნეტს ხვალ შეხვდება. მარიამი შესარჩევ რაუნდში მე-17 განთესვითაა, ბარნეტს კი 24-ე განთესვა აქვს.

ბრიტანელი 24 წლისაა და ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 609-ე ადგილზე იმყოფება, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. ბოლქვაძე მსოფლიოს 479-ე ჩოგანია. საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძეა, რომელიც WTA-ს კლასიფიკაციის 260-ე ადგილზეა, სოფია შაფათავა კი 413-ე პოზიციას იკავებს.

დავამატოთ ისიც, რომ მანჩესტერის ტურნირის ძირითად ბადეში რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილი ჩოგბურთელი ითამაშებს: ჯენიფერ ბრეიდი (აშშ), ნაომი ბროუდი (დიდი ბრიტანეთი), ვიქტორია გოლუბიჩი (შვეიცარია), ნიკოლ გიბსი (აშშ), ლუქსიკა ქუმხუმი (ტაილანდი) და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები