ტაბიძე სანაკრებო შეკრებას გამოტოვებს - ქართველი მცველი ტრავმირებულია
Aa
Aa

ტაბიძე სანაკრებო შეკრებას გამოტოვებს - ქართველი მცველი ტრავმირებულია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუსული ''უფას'' ფეხბურთელმა ჯიმი ტაბიძემ ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა. ჯიმიმ ბოლო მატჩი 15 აპრილს პრემიერლიგის 26-ე ტურში მოსკოვის ცსკა-სთან ჩაატარა. როგორც 22 წლის ცენტრალურმა მცველმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, ივნისში დაგეგმილ სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

''ტრავმის გამო პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში არ მითამაშია. სიმფიზის ძვალთან ვგრძნობ ტკივილს და ექიმის თქმით ჩემთვის სეზონი დასრულებულია. იდენტური ტრავმის გამო გურამ გოშთელიანს საკმაოდ დიდი დრო გაუცდა, თუმცა ჩემს შემთხვევაში დაზიანება გაცილებით მსუბუქია. ტრავმა ცსკა-სთან შეხვედრაში მივიღე. შესაძლოა ვარჯიში მაისის ბოლომდე დავიწყო, თუმცა ზუსტად არ ვიცი როდის განვაახლებ სავარჯიშო პროცესს. ეროვნულ ნაკრებს ივნისში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში ვერ დავეხმარები'' - აღნიშნა ფეხბურთელმა.

საერთო ჯამში ჯიმი ტრავმის გამო პრემიერლიგის ოთხ მატჩს გამოტოვებს. რაც შეეხება სანაკრებო შეხვედრებს, ვლადიმირ ვაისის გუნდი 31 მაისს მალტასთან ითამაშებს, 4 ივნისს კი - ლუქსემბურგთან. ჯიმი აღნიშნულ თამაშებში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება.

რუსეთის პრემიერლიგის 2017-18 წლების დასრულებამდე ორი ტური რჩება. ''უფა'' 39 ქულით მე-6 ადგილზეა. ამდენივე ქულაა მეშვიდე პოზიციაზე მყოფ ტულას ''არსენალის'' ანგარიშზე, რომლის შემადგენლობაში ქართველი მცველი გია გრიგალავა ირიცხება.

ჯიმი ტაბიძემ ''უფას'' შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (20 - რუსეთის პრემიერლიგა, 1 - რუსეთის თასი).

''გენტის'' ყოფილმა მცველმა საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი მიმდინარე წელს ამხანაგურ შეხვედრაში ესტონეთს შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები