მატჩის წინ - არსენალი VS მილანი
Aa
Aa

მატჩის წინ - არსენალი VS მილანი

გუნდებს შორის იტალიაში გამართული შეხვედრა „არსენალმა“ 2:0 მოიგო, რითაც ორრაუნდიან დუელში დიდი უპირატესობა მოიპოვა. „მეთოფეებმა“ „როსონერის“ 13 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს, რაც მათ განწყობაზე დადებითად აისახა და გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მატჩიც მოიგეს.

„არსენალი“ და „მილანი“ „ჩემპიონთა ლიგის“ ფლეი-ოფის სტადიაზე ორჯერ დაუპირისპირდნენ - 2007-08 წლების 1/8 ფინალის ორი მატჩის ჯამში ლონდონელებმა 2:0 იმარჯვეს. 2011-12 წლების ასევე 1/8 ფინალურ სტადიაზე კი, გამარჯვებას უკვე მილანელებმა მიაღწიეს, მათ „სან სიროზე“ 4:0 მოიგეს და მიუხედავად, ლონდონში 0:3 წაგებისა, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

გუნდების ახალი ამბები

„არსენალს“ იტალიაში მოგებამდე 4 მატჩიანი წაგებათა სერია ჰქონდა, ახლა კი ზედიზედ 2 მოგება მიაყოლა. „მილანის“ დამარცხების შემდეგ, არსენ ვენგერის ბიჭებმა პრემიერ ლიგაში „უოტფორდს“ 3:0 მოუგეს. გოლები მუსტაფიმ, ობამეიანგმა და მხითარიანმა გაიტანეს. აი პიოტრ ჩეხმა კი პენალტის მოგერიება შეძლო და პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც კარი მშრალად 200 შეხვედრაში შეინახა.

ლონდონელები სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე არიან და „ჩემპიონთა ლიგის“ ზონას მთელი 12 ქულით ჩამორჩებიან.

მათ დღევანდელ შეხვედრაში ლაკაზეტი, კასორლა და ობამეიანგი არ ეყოლებათ. მცირე ტრავმები აქვთ ბელერინს, მუსტაფისა და ნაჩო მონრეალს.

„მილანმა“ მტკივნეული მარცხის მიუხედავად, სერია A-ში წარმატებით ითამაშა და სტუმრად „ჯენოას“ უმძიმესი მატჩი მოუგო. „შავ-წითლებმა“ მართლაც ნერვული შეხვედრა გადაიტანეს და გამარჯვებას 94-ე წუთზე ანდრე სილვას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მიაღწიეს. სილვა 6 გოლით, მიმდინარე „ევროპა ლიგის“ ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია, სერია A-ში კი თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. „შავ-წითლები“ ჩემპიონატის ზედა ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებენ და მე-4 ადგილოსან „ლაციოს“ 6 ქულით ჩამორჩებიან.

ტრავმების გამო, იტალიაში დარჩნენ იგნასო აბატე და დავიდე კალაბრია, ხოლო ანდრეა კონტი სათამაშოდ ჯერ მზად არაა. ეს ყველაფერი ძირითადში ფაბიო ბორინის გამოჩენას ნიშნავს, რომელიც დაცვის მარჯვენა ფლანგს ჩაიბარებს.

მწვრთნელების პრესკონფერენცია

არსენ ვენგერი (არსენალი): „ლაკაზეტმა ვარჯიში განაახლა, თუმცა მოედანზე გამოსვლა ჯერ ადრეა, მას თამაში სანაკრებო პაუზის შემდეგ შეეძლება.

ჩემთვის შემადგენლობის არჩევა ადვილი არასდროსაა, რადგან ტოპ ფეხბურთელების სკამზე დატოვება მიწევს. ფეხბურთელების, რომელთაც ბოლო თამაშებში ძალიან კარგად ითამაშეს, თუმცა ყოველთვის ის შემადგენლობა უნდა შეარჩიო, რომლის მეშვეობითაც კონკრეტული მატჩის მოგების საუკეთესო შანსი გექნება.

მართალი ხართ, მინდა, რომ ახლა „ჩემპიონთა ლიგაზე“ ვიყოთ, მაგრამ „ევროპა ლიგაზე“ ვართ და თუკი გადახედავთ აქ ძალიან ძლიერი გუნდებია. „მილანი“, „დორტმუნდი“, მადრიდის „ატლეტიკო“, „არსენალი“ და ფრანგული კლუბები. ასე რომ, შესაძლოა, წლევანდელი სეზონი ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე მაღალი დონისა იყოს.

ჯენარო გატუზო (მილანი):„ჩვენი მოვალეობაა საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, რადგან „მილანის“ მაისურებს ვატარებთ. ბეჯითად ვიშრომეთ და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან კარგად ვართ მომზადებული.

პირველ შეხვედრაში სათანადო მიდგომით ვერ ვითამაშეთ, დღეს კი უფრო კონპაქტური გუნდი უნდა ვიყოთ და ზონები სწორად შევავსოთ. ვეცდებით საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს.

ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, თუმცა ჩვენ დაბადებიდანვე ყველაფრისთვის მზად ვართ. ფეხბურთში, ასეთი სიტუაციების შემოტრიალებაზე და ისტორიის დაწერაზე  უფრო მომხიბვლელი არაფერია.

განსხვავებული თამაში იქნება, ჩვენი ოცნებისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ და ვიცით, რომ იდეალური შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. ჩვენ არ ვართ გუნდი, რომელიც ყველა შანსს იყენებს. ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რათა ეს ყველაფერი გავაუმჯობესოთ და უკეთესი გავხდეთ.

კალინიჩსა და ანდრე სილვას მთელი გუნდი გვერდით უდგას. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ გოლები გაიტანონ. ჩვენ რაღაც მნიშვნელოვანს ვქმნით და ერთმანეთის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ.

ჩალჰანოღლუ კარგად გამოიყურება და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. შეიძლება მას ბოლო მატჩებში იდეალურად არ უთამაშია, თუმცა გუნდს ყოველთვის ეხმარება და მისთვის ბევრს აკეთებს.

გადაღლა შეიძლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და დაბრკოლება იყოს და ამიტომაც ვუშაობთ, რომ ფიზიკურად კარგად ვიყოთ მომზადებული“.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-3-3): ოსპინა - ბელერინი (ან ჩემბერსი), ჰოლდინგი, კოშელნი, კოლაშინაცი - ჯაკა, უილშირი, რემზი - მხითარიანი, იოზილი, უელბეკი.

მილანი (4-3-1-2): დონარუმა - ბორინი, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბილია, ბონავენტურა - ჩალჰანოღლუ - ანდრე სილვა, კუტრონე.

შეხვედრას შვედ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც გამოცდილი იონას ერიქსონი უხელმძღვანელებს.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

 

მატჩის განხილვა და პროგნოზი იხილეთ აქ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები