საქართველომ მხარი ჩრდილოეთ ამერიკის ერთობლივ განაცხადს დაუჭირა
Aa
Aa

საქართველომ მხარი ჩრდილოეთ ამერიკის ერთობლივ განაცხადს დაუჭირა

ფიფას 68-ე კონგრესზე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები დასახელდა. რიგით 23-ე მუნდიალს ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა ერთად უმასპინძლებს. სამი ქვეყნის გაერთიანებულმა განაცხადმა  მაროკოს ხმების დიდი უპირატესობით სძლია.

ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ფიფას სპეციალურმა ტექნიკურმა ჯგუფმა მაღალი შეფასება მისცა. აღნიშნული კონტინენტის 23 პოტენციურ ლოკაციას უკვე გააჩნია დასრულებული ან მშენებლობის სტადიაზე მყოფი სტადიონები. პარალელურად, მაროკოს მიერ წარდგენილი თოთხმეტივე არენა ხელახლა აშენებას ან რეკონსტრუქციას ექვმედებარებოდა.

ფიფას წევრთა გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფინანსურმა ფაქტორმაც. ჩრდილოეთ ამერიკელთა მიერ ფიფასთვის დაპირებული 11 მილიარდიანი წმინდა მოგება მნიშვნელოვნად აღემატებოდა მაროკოს მიერ დაანგარიშებულ 5.7 მილიარდ დოლარს. აფრიკის კონტინენტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს გულშემატკივართა კომფორტზე, მათ შორის ბილეთის ფასების ხელმისაწვდომობაზე.

საბოლოოდ ჩრდილოეთ ამერიკის ერთობლივ განაცხადს მხარი დაუჭირა 134-მა ასოციაციამ, მათ შორის საქართველომაც, მაროკომ მხოლოდ 65 ხმა მიიღო.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების უმრავლესობა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. კანადასა და მექსიკაში კი მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა შედგება. 

მოსკოვში, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე გამართულ ფიფას კონგრესს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალი მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები