პროვოკაციულად მოქმედებდნენ | რა უთხრა პატარიძემ თურქეთის ელჩს
ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მეხუთე ტურში „ბეშიქთაში“ „ჰაპოელ ბეერ შევას“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. უეფამ უსაფრთხოების ზომების გამო, მატჩი თურქეთიდან საქართველოში გადაიტანა და შეხვედრას „ბათუმი არენამ“ უმასპინძლა. თამაშს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის დაწყებამდე ადგილობრივ პოლიციელებსა და თურქ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია შეხვედრის დროსაც უაღრესად დაძაბული იყო. ერთ მომენტში „ბეშიქთაშის“ ფანები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამართალდამცველებს წიწაკის სპრეის გამოყენება მოუწიათ, რასაც მატჩის დროებით შეჩერება მოჰყვა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარიძემ, თურქეთის ელჩთან შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები. ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც, ბუნებრივია შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა.
შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი. ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი. ამ დროისთვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს