„იბერიის“ გოლების 75%-ში მონაწილეობდა | სიხარულაშვილის ბრწყინვალე ევროსეზონი
„იბერია 1999“-ის 23 წლის შემტევი ნიკოლოზ სიხარულაშვილი კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. მიმდინარე ევროსეზონში თბილისურმა კლუბმა 12 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა, რომელთაგან 9 მისი უშუალო ჩართულობით გავიდა.
სიხარულაშვილის ანგარიშზე 4 გოლი და 4 საგოლე პასია. ამას ემატება „ხეტაფესთან“ შესრულებული გამამწვავებელი გადაცემა — ქობულაძის გოლისას შეტევა სწორედ მისი ბრწყინვალე პასით გამწვავდა. საგოლე გადაცემა არ ჩაეთვალა, თუმცა რეალურად ამ გოლის შექმნაშიც დიდი როლი ითამაშა.
გოლები შემდეგ გუნდებთან გაიტანა: „ფლორა“ (2), „სლოვანი“, „ლარნე“.
საგოლე პასები შემდეგ გუნდებთან შეასრულა: „ფლორა“, „ლარნე“, „იაგიელონია“, „მიალბი“.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, „ლარნესთან“ გამართულ გადამწყვეტ მატჩში, მისი პასით ბედოშვილმა ანგარიში გახსნა, დამატებით დროში კი დადიანის გადაცემით თავად სიხარულაშვილმა გამარჯვების გოლი შეაგდო, ამ გოლის წყალობით „იბერიამ“ კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე თამაში გაინაღდა.
Transfermarkt-ზე, აპრილის მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ 100 000 ევრო იყო, სექტემბერში კი 200 პროცენტით გაიზარდა და 300 000 ევრო გახდა. სავარაუდოდ, შემდეგი განახლებისას მისი ფასი კიდევ უფრო მოიმატებს და შესაძლოა ნახევარ მილიონსაც მიაღწიოს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს