ოქროს ბურთზე საუბრით დავიღალე | ენრიკესთვის პრიორიტეტი გუნდური წარმატებაა
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს თქმით, ინდივიდუალურ ჯილდოებზე მეტად მისთვის გუნდური წარმატებაა მნიშვნელოვანი. ესპანელი სპეციალისტი აღიარებს, რომ ამ თემაზე საუბრით დაიღალა, გასულ სეზონს იხსენებს და აღნიშნავს, რომ „ოქროს ბურთს'' არა უსმან დემბელე, არამედ მთელი გუნდი იმსახურებდა.
„დავიღალე ამ „ოქროს ბურთით“! ჩემი ერთადერთი იმედი ის არის, რომ ამ ტიტულს მოვიგებთ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამას ნამდვილად იმსახურებენ. გასულ წელს საუკეთესო გუნდის ჯილდო მოვიპოვეთ და დავამტკიცეთ, რომ ამ აღიარებას მხოლოდ უსმან დემბელე კი არა, მთელი გუნდი იმსახურებდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი — „ოქროს ბურთზე“ ლაპარაკით დავიღალე!“ - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა „მან. სიტისთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, საკუთარ მომხმარებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. L’Equipe-მა მკითხველს სთხოვა, „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინათ. პირველ ადგილზე კილიან მბაპეა, ხმების 34 პროცენტი მიიღო. მეორე პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელიაა. „კვარას“ მხარი L’Equipe-ის მომხმარებელთა 23.7-მა პროცენტმა დაუჭირა. მბაპესა და კვარაცხელიას შემდეგ ჰარი კეინი მოდის. ინგლისელი თავდამსხმელი გამოკითხულთა 8.8 პროცენტის რჩეული გახდა.
ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება. ბუკმეკერებისა და სხვადასხვა გამოცემის ფავორიტები ლამინ იამალი, კილიან მბაპე და ჰარი კეინი არიან. Goal-ის რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია მეშვიდე ადგილზე იმყოფება, პირველზე კი ჰარი კეინია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს