მაკარიძე ''რიუ ავეს'' დატოვებს - ქართველს მიმდინარე სეზონში არ უთამაშია
Aa
Aa

მაკარიძე ''რიუ ავეს'' დატოვებს - ქართველს მიმდინარე სეზონში არ უთამაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძეს ახალ სეზონში ახალ გუნდში ვიხილავთ. Crystalsport-ის ცნობით სეზონის დასრულების შემდეგ 28 წლის ფეხბურთელი ''რიუ ავეს'' დატოვებს. მიმდინარე სეზონი მაკარიძისთვის ძალიან წარუმატებელი გამოვიდა, მას საკლუბო დონეზე ერთ შეხვედრაშიც კი არ მიუღია მონაწილეობა.

გასულ ზაფხულს ''ბენფიკასა'' და ''ბრაგაში'' ჩაშლილი ტრანსფერების შემდეგ ''მორეირენსეს'' ძირითად გუნდში თამაშის საშუალება არ მისცემია. ზამთარში ''მორეირენსემ'' ''რიუ ავეში'' გაანათხოვრა. 

 

გასულ იანვარში პორტუგალიური მედიის ცნობით ''რიუ ავეს'' 37 წლის გამოცდილი მეკარე კასიო ტრავმირებული იყო და კლუბი მაკარიძეს ბრაზილიელის შემცვლელად განიხილავდა, თუმცა კასიო მცირე პერიოდში დაუბრუნდა მინდორს და ქართველ მეკარეს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მისცემია. ''რიუ ავეში'' გადასვლის შემდეგ მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის 10 შეხვედრაში მოხვდა განაცხადში, თუმცა არ უთამაშია. 

პორტუგალიის ელიტარულ ლიგაში ''რიუ ავე'' 47 ქულით მე-5 ადგილზეა და 27 ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან ''ბრაგას.'' ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება და შესაძლოა ქართველმა დებიუტის გარეშე დატოვოს გუნდი.

 

28 წლის გიორგი მაკარიძე თბილისის ''დინამოს,'' ფრანგული ''ლე მანის,'' კვიპროსული ''დოქსასა'' და პორტუგალიური ''ფეირენსეს'' ყოფილი ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები