ლიონელ მესი
Aa
Aa

„მივდივარ მადლიერი, ამაყი და სულიერად მშვიდი“ | ლიონელ მესის სიტყვით გამოსვლა

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. „ლა პულგამ“ არგენტინის ეროვნული გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრა ბენინის წინააღმდეგ ჩაატარა. „ალბისელესტემ“ ამხანაგური მატჩი 3:0 მოიგო, მესიმ პენალტი გაიტანა და თამაშის შემდეგ საყვარელ პუბლიკას დაემშვიდობა.

„აღარაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ამ მაისურს მადლობა გადავუხადო. 20 წლის განმავლობაში, ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი, ბრძოლა, წინსვლა და მაქსიმუმის გაკეთება არასდროს შემიწყვეტია და აქ ყოფნა ყოველთვის მინდოდა.

ის ფაქტი, რომ არგენტინის ნაკრებთან აღარ ვიქნები და აქ აღარ ჩამოვალ, ძალიან მტკივნეულია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მთელი ცხოვრება დავრჩებოდი, რადგან არგენტინის ნაკრების მაისურით თამაში ყველაზე ლამაზი რამაა, რაც კი არსებობს.

დღეს იმაზე მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე ოდესმე მისაუბრია, რადგან უბრალოდ არ მინდა, ეს მომენტი დასრულდეს, თუმცა მოვიდა დრო, ეროვნული გუნდიდან წავიდე. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან ძვირად დაგვიჯდა. ფინალამდე უკანასკნელი ძალებით მივედით, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ბოლომდე ვიბრძოლეთ.

გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით და იმის მიუხედავად, რაც ჩვენ შესახებ ითქვა, უცნაური არაფერი მომხდარა. ინგლისთან მატჩი ძალიან ძვირად დაგვიჯდა, რადგან იმ შეხვედრაში აბსოლუტურად ყველაფერი გავიღეთ.

2022 წელს ვოცნებობდით, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ოცნება აგვესრულებინა და მსოფლიო ჩემპიონები კიდევ ერთხელ გავმხდარიყავით. ეს გამოგვივიდა! მსოფლიო ჩემპიონატი, კოპა ამერიკა და ფინალისიმა მოვიგეთ და უაღრესად მადლიერი ვარ იმ ყველაფრის გამო, რაც ამ ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამოვიარე.

პრივილეგია და პატივი იყო მოედნის გაზიარება ყველა ჩემს თანაგუნდელთან და მოედნის მიღმაც ჩვენი ცხოვრების უამრავი მომენტის ერთად გატარება. ყოველ ჯერზე, როდესაც მოედანზე გავდიოდით, ვიცოდი, რომ ნებისმიერისთვის შეგვეძლო კონკურენციის გაწევა, რადგან გვერდით მყავდნენ მეომრები, რომლებიც მზად იყვნენ, მოედანზე ყველაფერი დაეტოვებინათ.

უდიდესი მიზნების მისაღწევად ერთსულოვანი, სოლიდური გუნდია საჭირო. სწორედ ყველაზე რთულ მომენტებში აღმოაჩენ, როგორი გუნდი გყავს და შენი თანაგუნდელები რას წარმოადგენენ. ეს ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზია, რის გამოც იმას მივაღწიეთ, რაც გავაკეთეთ. ამ გუნდს დიდი მადლობა. ისინი დამეხმარნენ ამესრულებინა ოცნება, რომელიც ბავშვობიდან მქონდა. ისინი დამეხმარნენ, მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი.

ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ხალხს. არგენტინის ბევრ ქალაქში მითამაშია და ყველგან, სადაც ჩავდიოდი, უდიდეს სიყვარულს ვიღებდი. ამ წლების განმავლობაში, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა გვეთამაშა, ტრიბუნები ყოველთვის არგენტინელებით იყო სავსე. დროისა და მანძილის მიუხედავად, ხალხი უზარმაზარ ძალისხმევას იღებდა, რათა ტრიბუნებზე ყოფილიყო. ძალიან კარგად ვიცით, ეს რამდენად რთულია. მსოფლიოს რა ადგილასაც არ უნდა ვყოფილიყავით, გვექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით, რადგან თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით.

და ეს მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. რთული პერიოდები მოვა და ასეთ მომენტებში გუნდს იმაზე მეტად უნდა დაუდგეთ გვერდში, ვიდრე ოდესმე. ძლიერები და ერთიანები უნდა იყოთ, რადგან ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ეროვნული ნაკრების წარუმატებლობა ენდომებათ. მათ ეს სიამოვნება არ უნდა მივანიჭოთ.

ძალიან მომენატრებით, მაგრამ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები. მხარს დავუჭერ ამ ბიჭებს და ყველას, ვინც მათ შემდეგ მოვა. ახლა უამრავ ემოციას ვგრძნობ. ალბათ, რაღაც მავიწყდება, რის თქმასაც ვაპირებდი, რადგან ეს მომენტი ჩემთვის ურთულესია. პირველი, ვინც გონებაში მომდის, მამაჩემია.

ძალიან მომენატრება აქ თამაში. ყველანი მიყვარხართ და ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ. მივდივარ მადლიერი, ამაყი და სულიერად მშვიდი. მადლობა ყველაფრისთვის“.

ცნობისთვის, არგენტინის ნაკრებში მესის დებიუტი 2005 წელს, უნგრეთთან შედგა. „ალბისელესტესთან“ ერთად მან კოპა ამერიკა (ორჯერ), მსოფლიო ჩემპიონატი და ფინალისიმა მოიგო. 2008 წელს „ლა პულგა“ ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი და ორი ასისტი - მესი არგენტინის ნაკრებს დაემშვიდობა
გოლი და ორი ასისტი - მესი არგენტინის ნაკრებს დაემშვიდობა