„საკვანძო ფეხბურთელი და მამოძრავებელი ძალა“ | Gazzetta dello Sport-ი კვერნაძეზე წერს
გიორგი კვერნაძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და „ფროზინონეს“ ქართველმა ფეხბურთელმა იტალიური პრესა აალაპარაკა. ავტორიტეტულმა გაზეთმა, La Gazzetta dello Sport-მა კვერნაძეს სტატია მიუძღვნა და მას „ფროზინონეს“ მამოძრავებელი ძალა უწოდა.
„ხშირად მეუბნებიან, რომ პატარა კვარაცხელიას ვგავარ. ეს შედარება ღიმილს მგვრის, მაგრამ ამავდროულად ძალიან მაბედნიერებს. თუმცა იმ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, რომ ყოველთვის უფრო მეტი გავაკეთო“, — აცხადებს გიორგი კვერნაძე და ვინ იცის, იქნებ მისი ეს ჯადოსნური მომენტი სწორედ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავთან შედარების შედეგიცაა.
კვერნაძე და კვარაცხელია მეგობრობენ და „ვენეციასთან“ გოლის შემდეგ, ხვიჩამ მას პოსტიც მიუძღვნა. კვერნაძე, „კვარას“ მსგავსად, მარცხენა გარემარბია. ის „ფროზინონეს“ ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მზადაა, კვირას, საშინაო კედლებში, სესკ ფაბრეგასის შთამბეჭდავ „კომოს“ დაუპირისპირდეს.
გიორგი მასიმილიანო ალვინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ფეხბურთელია. ქართველი ფეხბურთელი სწორედ ალვინის ხელში აფეთქდა და გასულ სეზონში 35 შეხვედრაში 5 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კვერნაძემ განსაკუთრებით ტაქტიკური დისციპლინისა და მისი პრაქტიკაში გადატანის კუთხით მოუმატა. ალვინისთვის ის საკვანძო ფეხბურთელია, რომელსაც გაქცევა, პრესინგი, გუნდისთვის თამაში, საგოლე გადაცემების გაკეთება და მნიშვნელოვანი გოლების გატანა შეუძლია“, — წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვერნაძეს 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. გასულ ტურში, „ჯენოას“ წინააღმდეგ, ქართველი გარემარბი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.