გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

წიტაიშვილის წარმატებული დებიუტი ლა ლიგაში | რაიომ რასინგს მოუგო

ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში „რაიო ვალეკანომ“ სანტანდერის „რასინგს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩი განსაკუთრებით საინტერესო ქართველი გულშემატკივრისთვის გამოდგა, ესპანეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა. ქართველი შემტევი მინდორზე 74-ე წუთზე გამოვიდა და ალვარო გარსია შეცვალა. წიტაიშვილის თამაშში ჩართვის მომენტისთვის უპირატესობას მეტწილად „რასინგი“ ფლობდა, შესაბამისად, „რაიოს“ მთავარი ამოცანა საკუთარი კარის უსაფრთხოების დაცვა იყო. მადრიდულმა კლუბმა მიზანს მიაღწია, ანგარიში შეინარჩუნა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

სტუმართა რიგებში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა გიორგი გულიაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ სანტანდერელებმა ხუთივე ცვლილება გამოიყენეს, ქართველ ფეხბურთელს თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. აღსანიშნავია, რომ ორივე მოთამაშე ლა ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. წიტაიშვილი „რაიოს“ გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდის სამატჩო განაცხადში ზედიზედ მესამედ მოხვდა.

გიორგი გულიაშვილი სამთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, მე-3 ტურში ელჩესთან ცვლილებაზე ითამაშა (21 წუთი), ეს მისი სადებიუტო მატჩი იყო ლა ლიგაში.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩის მიმდინარეობასა და გოლებს: შეხვედრა სტუმართა აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე, 35 წლის სერხიო კანალესმა „რასინგი“ დააწინაურა. მე-17 წუთზე ანდრეი რაციუმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა 28-ე წუთზე პაბლო გარსიას გოლით სანტანდერელები კვლავ წინ გავიდნენ. თამაშის შემოტრიალება სერხიო კამელიოს დამსახურებაა, რომელმაც დუბლი გაიფორმა — ესპანელმა ფორვარდმა ტაიმის მიწურულსა (43') და მეორე ნახევრის დასაწყისში (47') გატანილი გოლებით „რაიოს“ გამარჯვება მოუტანა.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას: მიმდინარე სეზონში „რასინგმა“ მეორე მატჩი დათმო, „რაიო ვალეკანომ“ კი პირველი გამარჯვება იზეიმა. განვლილი ოთხი ტურის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ორივე გუნდის აქტივში 4 ქულაა. მომდევნო, მე-5 ტურში, 12 სექტემბერს „რასინგი“ „ალავესს“ მიიღებს, „რაიო ვალეკანო“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ენერგიით სავსე და აქტიური“ | როგორ აფასებს ფრანგული პრესა კვარაცხელიას თამაშს
„ენერგიით სავსე და აქტიური“ | როგორ აფასებს ფრანგული პრესა კვარაცხელიას თამაშს