ახვლედიანის ეფექტური შესრულება - თორნიკეს პირველი გოლი აზერბაიჯანში
თორნიკე ახვლედიანმა აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა. 27 წლის ფორვარდმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ „შამახს“ „იბერია 1999“-დან შეუერთდა, ახალი კლუბის ძირითად შემადგენლობაში ფეხი იოლად მოიკიდა და გუშინ თავი პირველად გამოიჩინა, სადებიუტო ბურთი კი მართლაც ეფექტური გამოუვიდა.
„შამახმა“ აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-4 ტურში სტუმრად „ქიაფაზი“, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც იყო და სრულად ითამაშა ცენტრალურმა მცველმა მათე აბულაძემ, დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა. მეცხრე წუთზე კი ანგარიში სწორედ ახვლედიანმა გახსნა. სტუმართა ერთ-ერთი იერიშის დროს, მეკარის მოგერიებული ბურთი თორნიკემ კარგად დაამუშავა და ახლო მანძილიდან მაკრატელა დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა. ქართველი შემტევი ამის შემდეგაც აქტიურობდა, თუმცა მეტის გატანა ვეღარ მოახერხა და 62-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ „შამახი“ ოთხი ტურის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მეხუთე ადგილზეა და ლიდერ „ზირას“, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს გამართული და სადაც გიორგი პაპუნაშვილისა და დავით ვოლკოვის სახით ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, 4 ქულით ჩამორჩება.