ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ენერგიით სავსე და აქტიური“ | როგორ აფასებს ფრანგული პრესა კვარაცხელიას თამაშს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოსთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 68 წუთი გაატარა, აქტიური იყო და საგოლე გადაცემა მიითვალა. მატჩის შემდეგ მისი თამაში ფრანგულმა გამოცემებმა შეაფასეს, ლიგა 1-მა კი ის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

Maxifoot: „„პარი სენ-ჟერმენის“ ყველაზე სახიფათო შემტევი. როდესაც ბურთი ჰქონდა, აქტიურობდა და ცდილობდა, შანსები შეექმნა. საკუთარი გუნდის პრაქტიკულად ყველა სახიფათო იერიშის მონაწილე იყო. მისმა იდეალურმა ჩაწოდებამ მარკინიოსს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა, პირველი ტაიმის დასრულებამდე კი მისი დარტყმის შემდეგ ჰრადეცკის შესანიშნავი სეივის შესრულება მოუწია.

შესვენების შემდეგ „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი აქტიური იყო და აკლიუშს პასი მისცა, რომლის შემდეგაც ბურთი ხარიხას მოხვდა. მისი გაყვანა გასაკვირი გადაწყვეტილება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ყველაზე სახიფათო შემტევი გახლდათ“.

Parisfans: „მარკინიოსს საგოლე გადაცემა გაუკეთა და შთამბეჭდავი გაქცევები ჰქონდა, თუმცა იყო მომენტები, როდესაც ჯიუტად ცდილობდა დაერტყა. კარის წინ ცივსისხლიანობა აკლდა“.

Culturepsg: „ტექნიკურად უკეთესი იყო, გადამწყვეტი მეპასე გახლდათ, თუმცა შანსები ხელიდან გაუშვა“.

Le Parisien: „ენერგიით სავსე და მუდმივად აქტიური. მარცხენა ფლანგიდან მისმა კარგად შესრულებულმა ჩაწოდებამ მარკინიოსს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა. შორეული დარტყმით გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ „მონაკოს“ მეკარემ აუღო. მეორე ტაიმში საჯარიმოს მისადგომებიდან განხორციელებული ჩახვეული დარტყმა ჰრადეცკიმ მოიგერია“.

Footmercato: „ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა ქართველმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ არ იმყოფება იმ ფორმაში, რომელიც გასული სეზონის ბოლო ნაწილში აჩვენა. ძალიან მცირე გავლენა ჰქონდა და საკუთარ მეურვეს თითქმის ვერც ერთხელ აჯობა. გამბედაობა არ აკლდა, მაგრამ დასარტყამ პოზიციაზე გასვლა უჭირდა და როდესაც გადიოდა, ჰრადეცკის პრობლემებს ვერ უქმნიდა“.

L’Equipe: „იყო მომენტები, როდესაც იგი თითქმის შეუმჩნეველი გახლდათ, თუმცა როგორც კი ტემპს უმატებდა, „მონაკოს“ პრობლემებს უქმნიდა. საგოლე გადაცემა მარკინიოსს და ორი მომენტი — თუმცა კვლავ რჩება განცდა, რომ ასეთ შეხვედრებში მას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია და მართებს კიდეც“.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ სამი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვს. ბოლოს ფრანგულმა გრანდმა ლიგა 1-ის საწყისი სამი ტურის მატჩიდან ვერც ერთი 2012/13 წლების სეზონში ვერ მოიგო, თუმცა ჩემპიონი მაინც გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები მონაკოსთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთი კვარაცხელიამ უნდა მოიგოს“ | რას ამბობს ჟერომ როტენი
„ოქროს ბურთი კვარაცხელიამ უნდა მოიგოს“ | რას ამბობს ჟერომ როტენი