„ოქროს ბურთი კვარაცხელიამ უნდა მოიგოს“ | რას ამბობს ჟერომ როტენი
საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი ფეხბურთელი, ჟერომ როტენი თვლის, რომ „ოქროს ბურთი“ ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა მოიგოს. როტენმა RMC Sports-ის გადაცემა „Rothen s'enflamme“-ში ქართველ გარემარბზე ილაპარაკა.
„როდესაც საუბარი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებს ეხება, ხალხს ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ავიწყდება. სანამ სტატისტიკაზე და ტიტულებზე გადავალთ — ინდივიდუალურსა თუ გუნდურზე — მთავარი მოთამაშის ტალანტია. მთავარია ის, თუ ფეხბურთელი მოედანს საკუთარი ტალანტით როგორ ანათებს.
კლასი და ტალანტი ნომერ პირველი კრიტერიუმია. შეიძლება ყველა არ მეთანხმებოდეს, მაგრამ ტალანტი გადამწყვეტია. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად რთულია, ტალანტი გქონდეს, ის სტაბილურად წარმოაჩინო და მთელი სეზონის განმავლობაში შენი გუნდი უკეთესი გახადო.
კვარაცხელიაზე საუბრისას მეუბნებიან, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. უკაცრავად, მაგრამ ის ქართველია. საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის მცირე შანსი აქვს — თუნდაც 48-გუნდიანი ან 100, 120 ან 128-გუნდიანი ტურნირის პირობებშიც კი. სიმართლე ისაა, რომ როდესაც კვარაცხელია მოედანზე გადის, გენიალურობას აჩვენებს და საკუთარ გუნდს თამაშებს აგებინებს.
მის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ დიდი მატჩები მოიგო და საოცარი სტატისტიკა აქვს როგორც გოლების, ისე საგოლე გადაცემების მხრივ. ის ჩემპიონთა ლიგისა და ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა და უმაღლეს დონეზე სტაბილურად თამაშობს. სადებიუტო სეზონში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, მეორე სეზონში კი ბევრად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. ბოდიში, მაგრამ თუ ფაბიან რუისსა და ხვიჩა კვარაცხელიას ერთ დონეზე აყენებთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან მაბრაზებთ“.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტის ვინაობა 8 სექტემბერს დასახელდება. პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი.